დღევანდელი ორი რაუნდის შედეგად, კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს - სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა

პაპის არჩევა

ვატიკანში კონკლავის მეორე დღეა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შედეგად კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს.

პონტიფიკოსის ასარჩევად საჭიროა კარდინალების ხმების ორი-მესამედი.

კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.

დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შემდეგ, კარდინალები სანტა მარტას რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. შესვენების შემდეგ ისინი კვლავ სიქსტეს კაპელაში დაბრუნდებიან, სადაც დღეს კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართება.

კონკლავის პირველ დღეს, 7 მარტს კენჭისყრა ერთხელ ჩატარდა და საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლა მსოფლიოს ამცნო, რომ კარდინალებმა რომის პაპი ვერ აირჩიეს. კონკლავის ყოველ მომდევნო დღეს შესაძლებელია ხმის მიცემის ოთხი რაუნდის გამართვა. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხდება.

რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.

ამ ეტაპისთვის პაპობის მთავარ კანდიდატებად რამდენიმე კარდინალი განიხილება. პირველი არის კარდინალი პიეტრო პაროლინი. 70 წლის ვეტერანი დიპლომატი, რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი და, ფაქტობრივად, წმინდა საყდრის პრემიერ-მინისტრი იყო. პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. კიდევ ერთ კანდიდატად იერუსალმის ლათინური ეკლესიის პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა სახელდება, რომელიც კარდინალი 2023 წელს გახდა. 72 წლის უნგრელი პეტერ ერდო კონსერვატორებს შორის წამყვან კანდიდატად მოიაზრება. პაპობის კიდევ ერთი კანდიდატია კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომლის არჩევის შემთხვევაში, ის პირველი აზიელი პაპი გახდება. პაპობის კანდიდატად განიხილება კარდინალი ამბონგო ბესუნგუ. პაპ ფრანცისკეს მიერ არჩეული ბესუნგუ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კათოლიკე ლიდერია.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.