1746684883
„სუროგატი დედის დამქირავებლები მუდმივად არიან ჩინელები - შესაძლოა, ადგილი აქვს ტრეფიკინგს“ – „საფარი“

„სუროგატი დედის დამქირავებელი მშობლები მუდმივად არიან ჩინელები“ - როგორც „საფარის“ იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა, სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება ამ ბავშვების ბედი, რადგან შესაძლოა, მათ ორგანოებით ვაჭრობისთვის, ტრეფიკინგისთვის იყენებენ.
„უკანასკნელი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო კომპანია „ქინდერლის“ მიერ კუთვნილი გადასახადის გარეშე დატოვებული სუროგატი დედები. თავიდან ორმა მათგანმა მომმართა მე. შვილები მათ ჩინელი წყვილებისთვის ჰყავდათ გაჩენილი. ჯამში დაახლოებით 20 ქალბატონი დაზარალდა, რომლებმაც ხელშეკრულების თანახმად კუთვნილი 16 000+2 000- დოლარი ვერ მიიღეს. ამას გარდა, ისინი იმყიფებოდნენ გაუსაძლის პირობებში არა მხოლოდ ორსულობის, არამედ მშობიარობის შემდეგ. კერძოდ, „ქინდერლიმ“ ისინი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში გადაიყვანა, არ მიეწოდებოდათ საკვები. ცნობისათვის, ამ ქალბატონებიდან მხოლდო ერთი იყო საქართველოს მოქალაქე, დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ მიზეზით თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩამოვიდნენ.
აღსანიშნავია, რომ სუროგატი დედის დამქირავებელი მშობლები მუდმივად არიან ჩინელები. ჩვენ არ ვიცით, რა დაინტერესება აქვთ მათ მაინცდამაინც ამ გზით გაჩენილი ბავშვებით, ხომ არ აქვს ადგილი ორგანოებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს რეგულაციები, კანონიც კი არ გვაქვს ამის შესახებ. მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში სუროგაცია ნებადართულია, თუმცა ვინ ახორციელებს, მონიტორინგს ვინ უწევს და ა.შ. ბავშვების ბედით არავინ ინტერესდება“ - აღნიშნა იურისტმა.
მისი თქმით, ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის მას კონკრეტული მიზეზები აქვს:
„ის, თუ რატომ ვსაუბრობთ საკმაოდ მძიმე საკითხებზე - ორგანოებით ვაჭრობაზე ან ტრეფიკინგზე, საბაბს გვაძლევს შემდეგი ფაქტი: „საფარში“ შემოვიდა ზარი, ეს იყო ძიძა, რომელსაც მოსავლელად ჰყავდა ჩინელი მშობლისგან დატოვებული 9 თვის ბავშვი. მან განაცხადა, რომ ჩინელი მამა სექსუალურად ძალადობდა 9 თვის ბავშვზე. მან დარეკა პოლიციაში და ამაზე დაწყებულია გამოძიება. სამწუხაროდ, შესაძლებელია, ეს არ იყოს ერთადერთი ფაქტი, რადგან სახელმწიფო არ ინტერესდება ამ ბავშვების ბედით: რა მიზნით აჩენინებენ ჩინელები ბავშვებს საქართველოში და რა მიზნით მიჰყავთ შემდეგ ისინი ქვეყნიდან“, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქინდერლის“ სკანდალის შემდეგაც კი, სახელმწიფო არ ინტერესდება, არსებობს თუ არა კიდევ მსგავსი პრობლემა მსგავს კომპანიებში.
იურისტმა ისეთი შემთხვევაც გაიხსენა, როსდესაც ჩინელი მშობლები გარკვეული მიზეზის გამო უარს ამბობენ ბავშვზე და თუ ამ დროს სუროგატ დედას სურს დაიტოვოს იგი, სახელმწიფო მას ამაზეც უარს ეუბნება.
„ყოფილა შემთხვევები, რომ ბიოლოგიურ მშობლებს უარი უთქვამთ მომავალ შვილზე, რადგან სუროგატი დედა დაუკავშირდა მათ და აცნობა, რომ შუამავალმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ის გაუსაძლის მდგომარეობნაში იმყოფება. ამ დროს სახელმწიფო ერთვება საქმეში და ზრუნვის სააგენტოს ბავშვი მინდობით აღზრდაში გადასცემს. სუროგატ დედას ბავშვის დატოვება თავისთვის რომც უნდოდეს, სახელმწიფო მას უფლებას არ აძლევს“, - განაცხადა მან.
ნინო ანდრიაშვილმა შუამავალი კომპანიების მოგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ ბავშვზე დაახლოებით 50-დან 100 ათასამდე მოგება აქვთ.
„დაზარალებული სუროგატი დედების მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, შუამავალ კომპანიებს, ერთ ბავშვზე 50-დან 100 ათას დოლარამდე მოგება რჩებათ. თუმცა, მე არ მაქვს ამ ინფორმაციის მტკიცებულება, მაგრამ გამოძიების მასალებში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება“ - აღნიშნა იურისტმა.
bpn.ge