1792040838
27.2 ათასი ლარი ხელფასი თვეში, 52 400 აშშ დოლარი ანაბარზე - რა ქონებას ფლობს სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, მიქაბაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი დუშეთში, ავტოფარეხი დედაქალაქში და მსუბუქი ავტომობილი Chevrolet Cruze.
კერძოდ, ეკატერინე მიქაბაძემ 2021 წელს თბილისში 82.2 კვადრატული მეტრის ბინა 209 085 ლარად შეიძინა. 2026 წელს კი დუშეთში 450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 66 728 ლარად იყიდა. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე ავტოფარეხი, რომელიც 2022 წელს 24 417 ლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ Chevrolet Cruze-ში 2022 წელს 23 175 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის შევსების მომენტში ეკატერინე მიქაბაძეს ანაბრებზე 205 000 ლარი, 52 400 აშშ დოლარი და 6 400 ევრო ჰქონდა განთავსებული.
ამასთან, მის მულტისავალუტო უნივერსალურ ანგარიშზე 7 785 ლარი, ხოლო სტანდარტულ საბანკო ანგარიშზე 82.77 ლარი ირიცხებოდა.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ხელფასის სახით (გადასახადების შემდეგ) - 326 688 ლარი მიიღო. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლექტორობისთვის ჯამურად 2 190 ლარი აქვს მიღებული.
დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მიქაბაძემ ძმისთვის გაცემული 30 000-ლარიანი სესხი უკან დაიბრუნა. ამასთან, მეგობარს სესხის სახით იგივე ოდენობის თანხა მისცა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გასულ წელს ეკატერინე მიქაბაძემ იპოთეკური სესხის დასაფარად 168 219 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დუშეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად გადასახდელი თანხის ნაწილი, 33 454 ლარი დაფარა.
დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მიქაბაძემ მოგზაურობაში 5 290 ლარი დახარჯა, ხოლო მკურნალობის ხარჯმა 13 500 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2021 წლის ივლისიდან არის, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებს. 2023-2025 წლებში ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
მანამდე, 2018-2021 წლებში, მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს მას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც ეკავა პოზიციები.
გარდა ამისა, 2011 წლიდან დღემდე ის აკადემიურ საქმიანობას ეწევა და ლექტორია ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით.



