„დასაქმებულთა ხელფასი 50%-100%-ით არის გაზრდილი, რაც პრობლემაა - აუარებელი სამუშაოა და არ არის სპეციალისტი“

მშენებლობა

„შარშანდელთან შედარებით, დასაქმებულთა ხელფასი დაახლოებით 50%-100%-ით არის გაზრდილი, რაც პრობლემურია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა განუცხადა.

ამასთან, სოლომნიშვილმა ისაუბრა კადრების კუთხით არსებულ პრობლემაზე და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში სპეციალისტების დეფიციტია.

„შარშანდელთან შედარებით, დასაქმებულთა ხელფასი დაახლოებით 50%-ით, ზოგიერთი პროფესიისთვის კი 100%-ით არის გაზრდილი, რაც პრობლემურია. გარდა ამისა, არის სპეციალისტების დიდი დეფიციტი. რომ ვიძახდით სამუშაო ადგილები შევქმნათო, სამუშაო ადგილები ახლა არის და ადამიანი არ არის რომ იმუშაონ; კადრებს ან არ აქვთ სურვილი, ან შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია პროფესიულ სასწავლებლებთან. კომუნისტებს ჰქონდათ პროფ.სასწავლებლები, სადაც მე-8 კლასიდან მიდიოდნენ და სწავლობდნენ სპეციალობას, მაგალითად, შედუღებას, ლესვას, ბლოკთან მუშაობას და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით სამუშაოა, რომ ბავშვები სკოლიდანვე რომელიმე პროფილით წავიდნენ. ასეა მაგალითად, გერმანიაში, რაღაც პერიოდი სწავლობენ და შემდეგ მიდიან პროფესიულ სასწავლებლებში. ცუდი არ იქნებოდა, რომ ჩვენთანაც დაინერგებოდეს ეს სისტემა.

წარმოიდგინეთ, შემოჰყავთ მუშახელი აზერბაიჯანიდან ან სომხეთიდან, რომ რაღაც საქმე გააკეთონ, ჩვენ ქვეყანაში კი არიან უმუშევრები - ვიღაცას სწავლა არ უნდა, ვიღაცას მუშაობა. სამშენებლო სფეროში არის აუარებელი სამუშაო და არ არის სპეციალისტი. მაგალითად, 20 ლარი ღირდა 1 კვ.მ-ზე კაფელის დაგება და 70 ლარამდე გაიზარდა იმის გამო, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია.

ეს ყველაფერი კი აძვირებს პროდუქცია. მიმაჩნია, რომ ფასები უაზროდ გაზრდილია, რადგან სამუშაო არის და კადრები - არა. ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ერთის მხრივ, არის უმუშევრობა, მეორეს მხრივ, არის სამუშაო, სადაც პროფესიული კადრები არ გვყავს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მალხაზ სოლომნიშვილმა.