"დოჰაში რჩება რამდენიმე ტურისტული ჯგუფი საქართველოდან, რომელიც უკან ვერ გამოფრინდა - არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, როდის აღდგება ფრენები"

აეროპორტი

"დოჰაში რჩება რამდენიმე ტურისტული ჯგუფი საქართველოდან, რომელიც უკან ვერ გამოფრინდა", - ამის შესახებ "ბიზნესპრსნიუსს" ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, ირანში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საჰაერო სივრცის შეზღუდვების გამო, მსოფლიოს მასშტაბით ასობით საერთაშორისო ფრენა გაუქმდა.მათ შორის, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა თელ-ავივის, შარჟას, დუბაის, დოჰას, აბუ-დაბისა და ქუვეითის მიმართულებებით.

CNN-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა კატარის დედაქალაქ დოჰაშიც. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.

როგორც ლაშა ბერეკაშვილმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ფრენებთან დაკავშირებით შეფერხებებია ისეთ ქალაქებში, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოსთვის ტურისტულად აქტიური ზონაა.

"ამ ეტაპზე ევროპის მიმათულებით ფრენები და ტურები არ გაჩერებულა, შესაბამისად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ეგვიპტეზე იყო შეფერხება გუშინ და დღეს, გაუქმდა რეისი. ველოდებით ხვალინდელი რეისის ჩანიშვნას და დაგეგმილი ტურის შესრულებას.

ემირატების მიმართულებით ჯერჯერობით გაუქმებულია ყველა რეისი. როგორც "flydubai"-მ, ისე "AirArabia"-მ და "Wizz Air"-მაც გააუქმეს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ფრენები. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, როდის აღდგება. რაც შეეხება ემირატებში მყოფ ტურისტებს, საელჩომ გააკეთა განცხადება, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, ღამის თევის და სხვა ხარჯები გაიღონ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს და მიიღონ გარკვეული დახმარება. ვინაიდან, ფორსმაჟორი მდგომარეობაა და ვერ ბრუნდებიან საქართველოში საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო. ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვეთხოვა დაგვეგზავნა ჩვენი ტურისტებისთვის და გავაკეთეთ კიდეც.

რაც შეეხება დოჰას მიმართულებას, აქ უფრო აქტიური მდგომარეობა გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ტურისტული ჯგუფია ახლა დოჰაში, რომელიც უკან ვერ გამოფრინდა. მათ შორის, ერთ-ერთი ჩვენი კომპანიის ჯგუფიცაა. დღეს დილით უნდა გამოფრენილიყვნენ თბილისში და ასევე, უნდა გაფრენილიყო აქედან მორიგი ჯგუფი. ვერცერთი რეისი ვერ შესრულდა. იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, როდის აღდგება ფრენები, კომპანიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციით და მათი დახმარებით, 2 ღამე დამატებით, უსასყიდლოდ მიგვეცა საშუალება დარჩენილიყვნენ სასტუმროში. 3 მარტიდან ველოდებით რეისების აღდგენას, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს უკან. ეს იყო გუშინდელი ბოლო ცნობით, დამატებითი და რაიმე სახის ახალი ინფორმაცია აღარ მიგვიღია. ეს ცნობები დავუგზავნეთ ჩვენს ტურისტებსაც. ველოდებით განახლებას, რა იქნება.

როგორც მაქვს ინფორმაცია, აქტიურ ზონებში, ჩვენი საელჩოები საკონტაქტოების ნაწილში ჩართულები არიან კრიზისის მართვაში. თუმცა, უშუალოდ ის ნაწილი, რომელიც ტურისტების განთავსებას და დამატებითი ხარჯების გაწევას ეხება, ჩვენს თავზე იქნა აღებული. როგორც ვიცი, საელჩოც არის მზად და ვნახოთ, რა იქნება, თუ დამატებით იქნება საჭირო იქ დარჩენა ტურისტებისთვის", - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.