„ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს - იდეალური იქნება, თუ ტრამვაი „ჩინური მოდელით“ მოეწყობა“ - მელაძე

ტრამვაი

„ზოგადად, სარკინიგზო მიმართულების განვითარება კარგია და განსაკუთრებით მეტროსი, ტრამვაიც არაა ცუდი, ოღონდ, მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს როგორ გააკეთებ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ განაცხადა. ამით მელაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ტრამვაის ხაზი ამოქმედდება.

„უმთავრესია, სად გადის, როგორ გადის და კვანძებს, რომლებსაც კვეთს, ეფექტიანად რამდენად იყენებს, რადგან გადამკვეთი კვანძები საპირისპირო მხარეს პრობლემებს არ უნდა ქმნიდეს. ვგულისხმობ იმას, რომ გადაკვეთებისას სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას შეფერხება არ უნდა შეუქმნას, რამეთუ თავად ტრამვაი პრიორიტეტული იქნება და ეს სხვა ტრანსპორტისთვის კოლაფსის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

„იდეალური იქნება, თუკი ტრამვაის ხაზი „ჩინური მოდელით“ მოეწყობა“

საერთოდ, იდეალური იქნება, თუკი „ჩინური მოდელით“ მოეწყობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა სატრანსპორტო კვანძებთან კვეთა არ ექნება და მიწისქვეშ ან ისეთ ადგილებში გაივლის, რომლებიდანაც შეფერხების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია.

„ჩინური მოდელით“ უშუალოდ ამ 7.6-კილომეტრიანი ხაზის მოწყობა შესაძლებელია, თუმცა მე პროექტს დეტალურად არ ვიცნობ და ის ჩემთვის არავის მოუწოდებია, თორემ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ვიტყოდი, რა მონაკვეთებში ჯობს გაიაროს ან არ გაიაროს და მთლიანად როგორ მოეწყოს ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები შეფერხება შექმნას“, - აღნიშნა მელაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ამუშავება დედაქალაქში საცობებს განმუხტავს.

„ერთი მერცხალი გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს, რადგან ამისთვის გაცილებით უფრო ქსელური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოწყობაა საჭირო. საკმაოდ ხშირად ვმოგზაურობ და ყველა ქალაქში ვაკვირდები, რა ქმნის სატრანსპორტო კოლაფსებს და რა განაპირობებს იმას, რომ ეს კოლაფსები არ შეიქმნას. მთელი არსი ისაა, რომ, ქალაქის ზრდასთან ერთად, სატრანსპორტო ქსელებიც ისე გაიზარდოს, ამან პრობლემები არ შექმნას. შესაბამისად, ყველაფერი სწორი დაგეგმვიდან და შემდეგ მისი სწორი ზრდა-დაგრძელების სპეციფიკიდან მოდის.

ასე რომ, ორი აზრი არაა, რომ ტრამვაის ხაზის მოწყობის ფაქტი ფაქტად ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია, რამდენად ზუსტი გათვლებით გაკეთდება და კვეთებთან უპირატესობები როგორი პრინციპებით მოეწყობა. სხვა შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ შეფერხებები სხვა სატრანსპორტო საშუალებებს შეექმნათ“, - აღნიშნა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.