1792391400
„ეს მოგების შანსს აორმაგებს“ - როდის იწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმა
აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა - Diversity Visa Program 2027 (DV-2027) - მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად.
რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა ერიდონ აპლიკანტები? პროგრამის მოსალოდნელი ვადების, მიმდინარე სტატუსისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია იაძე ესაუბრა.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება ან რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის განაცხადების მიღება გახსნილი არ არის. პროგრამის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში ცვლილებების შეტანითა და დროებითი პაუზით.
თუმცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს (U.S. District Court for the Southern District of California) ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა პროგრამის დაუყოვნებლივ განახლება.
სასამართლოს მიერ დადგენილი მოსალოდნელი გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურ ინსტრუქციასა და რეგისტრაციის ზუსტ ვადებს ოფიციალურად 29 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. განაცხადების მიღების პორტალი სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიხსნება და 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, ხოლო შერჩეული აპლიკანტების გამოვლენის შემდეგ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.
როდესაც რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადის შემვსები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იგი დაბადებული უნდა იყოს პროგრამაში დაშვებულ ქვეყანაში (საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას) და ფლობდეს საშუალო სკოლის 12-წლიან ატესტატს, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ პროფესიაში, რომელიც მოითხოვს მინიმუმ ორწლიან სპეციალურ მომზადებას", - აცხადებს ია იაძე.
მისივე თქმით, ტრადიციულად, აპლიკანტებს მოუწევთ სხვადასხვა სტანდარტის დაცვა.
"რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე - dvprogram.state.gov.
მონაწილეობის რეგისტრაცია სრულიად უფასოა. აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფოტოსურათის სტანდარტსაც - ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განავლობაში, თეთრ ფონზე, სათვალის გარეშე, 600x600 პიქსელის ზომით JPEG ფორმატში.
გარდა ამისა, განაცხადში აუცილებელია მეუღლისა და ყველა დაუქორწინებელი, 21 წლამდე ასაკის შვილის მითითება, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში გამგზავრებას“, - განმარტავს ია იაძე.
მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით განაცხადი უარყოფილია ტექნიკური დარღვევების გამო, რასაც აპლიკანტები განსაკუთრებით უნდა ერიდონ.
„კრიტიკული შეცდომაა ერთი და იმავე პირის სახელით ერთზე მეტი განაცხადის გაგზავნა, რაც იწვევს ავტომატურ დისკვალიფიკაციას. თუმცა, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეავსონ განაცხადი და ერთმანეთი მიუთითონ, რაც მოგების შანსს ორმაგად ზრდის.
ასევე, დისკვალიფიკაციით სრულდება წინა წლებში გამოყენებული ან დაუმუშავებელი, არასტანდარტული ფოტოს გამოყენება, ხოლო შვილის ან მეუღლის არმითითება იწვევს ვიზის უარს გასაუბრების ეტაპზეც კი.
ასევე, არ უნდა დაკარგოთ რეგისტრაციის დასრულებისას გენერირებული დამადასტურებელი კოდი (Confirmation Number), რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა პასუხის შესამოწმებლად“, - აღნიშნავს "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ვიდრე ოფიციალური რეგისტრაცია გახსნილა, ია იაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მომხმარებლებს განაცხადის "ახლავე შევსებას" სთავაზობენ.
„აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოფიციალური გათამაშება და განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა არასდროს აგზავნის ელფოსტას მოგების შესახებ და არცერთ კერძო სააგენტოს არ შეუძლია მოგების შანსების გაზრდა, ვინაიდან შერჩევა ხდება სრულიად შემთხვევითი კომპიუტერული ალგორითმით“, - აცხადებს ია იაძე.



