„გადათხრილი ქუჩები აღარ დახვდებათ დამსვენებლებს ბაკურიანში, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლომდე უნდა მოესწროს“

ბაკურიანი

„მოლოდინი არის, რომ დამსვენებლებს ბაკურიანში გადათხრილი ქუჩები აღარ დახვდებათ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კურორტზე გზების მოწესრიგების ძირითადი სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.

„პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბაკურიანისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურაა, რომლის სამუშაოებიც ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნოემბრის ბოლომდე ეს საკითხი მოწესრიგდება.

წინა წლებში გზები გადათხრილი იყო, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამჟამად სამუშაოების ნახევარი დასრულებულია. ვფიქრობთ, უამინდობა არ შეგვიშლის ხელს და ნოემბრის ბოლომდე ყველაფრის დასრულება მოესწრება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

სრული და საფუძვლიანი რეაბილიტაცია უკვე 2027 წლიდან დაიწყება, რაც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/გაუმჯობესებას ყველა ჩიხსა და ცენტრალურ ქუჩაზე, თავისი საფეხმავლო ბილიკებითა და სანიაღვრე სისტემებით.

ახლა, როგორც მოგეხსენებათ, წყლისა და წყალარინების ძალიან მასშტაბური, რამდენიმეწლიანი პროექტი მიმდინარეობს, რის გამოც ყველა ქუჩა და ჩიხი გადათხრილი იყო. ამ ეტაპისთვის სწორედ ამ გზების შეკეთება მიმდინარეობს.

ზოგი ჩიხი მთლიანად მოწესრიგდება და სრული რეაბილიტაციაც ჩაუტარდება. მაგალითად, 2-3 წელი გაუვალი მდგომარეობა იყო კოხტასკენ მიმავალ გზაზე, სადაც მიტარბის ტრასაა. ის ჩიხი უკვე მოწესრიგებულია და ახლა სანიაღვრეების და განათების ბოძების მონტაჟი მიდის.

ნაწილობრივ უკვე მოწესრიგებულია ასევე, სადგურისკენ მიმავალი ქუმარიტაშვილის ქუჩაც და სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

მოლოდინი არის, რომ დამსვენებლებს ბაკურიანში გადათხრილი ქუჩები აღარ დახვდებათ. 2-3 წელი მართლაც საშინელი მდგომარეობა იყო, მანქანა ვერ გაივლიდა. მართალია, დიდი და მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ადგილობრივებისთვისაც და ვიზიტორებისთვისაც ეს მდგომარეობა ძალიან რთული ასახსნელი იყო.

პროექტის დამკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტრო და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა“. კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საკითხს სიღრმისეულად ვერ ჩავყვები, მაგრამ ფაქტია, რომ პროექტი ამდენი წელი სწორედ ქვეკონტრაქტორების გამო გაიწელა და ბევრი შეფერხებაც ამის ნიადაგზე შეიქმნა“, - აცხადებს ეკა ორჯონიკიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.