IT სფეროში დასაქმებული პირების ბინადრობის ნებართვის აღება კიდევ უფრო გამარტივდება

IT სექტორი

მთავრობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებით შემოღებულ იქნა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვა და აღნიშნულ სფეროში მოქმედი საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2026 წლის მდგომარეობით გამოიკვეთა, რომ განხორციელებული ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გართულდა საერთაშორისო IT კომპანიების მხრიდან IT სფეროში შრომითი მიგრანტების დასაქმება, რაც ნეგატიურად ისახება ინდუსტრიის საქმიანობაზე. ამასთან, საქართველოში ოპერირებს 179 საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი, ხოლო 2025 წლის მდგომარეობით აღნიშნული სექტორის წილი მშპ-ში შეადგენს 7 %-ს, ექსპორტში კი 8 %-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანია სექტორის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას.

ცვლილების შედეგად, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეძლებენ IT სფეროში მოქმედი საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიების მიერ დასაქმებული პირები, პროფესიული ნიშნის მიუხედავად. ამასთანავე, გამარტივდება აღნიშნული დროებითი ბინადრობის ნებართვისთვის დადგენილი მოთხოვნები. შედეგად, ცვლილება გადაჭრის საერთაშორისო IT კომპანიების მხრიდან შრომითი მიგრანტების დასაქმებისას პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემებს. ცვლილების ჭრილში, შესაძლებელია, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიცავდეს „შრომითი მიგრაციის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლებაც.

შეგახსენებთ, ახალი რეგულაციების მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა 3 წლამდე ვადით და მისი გახანგრძლივება შესაძლებელია ყოველ ჯერზე 3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.

IT სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნებართვის მქონე პირი არ იმყოფება საქართველოში 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

BPN