1788156540
ჯარში გაწვევის უწყებაზე თუ 2 სამუშაო დღეში უკუკავშირი არ იქნება, ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება, მე-7 დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება
წვევამდელთან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით დაკავშირების მცდელობის შემდეგ, თუ 2 სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირი არ განხორციელდება, მისი გამოძახების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს კი შეტყობინება ან უწყება ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
აღნიშნულ ცვლილებას საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება ითვალისწინებს, რომლითაც სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესი შეიცვალა.
დადგენილება 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ანუ დღეიდან უკვე ამოქმედდა.
ახალი წესის მიხედვით, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოძახების შესახებ შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ განხორციელდა, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა.
ამ შემთხვევაში, გამოძახების შესახებ შეტყობინება ან უწყება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ პირს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადების ვალდებულება ექნება.
ცვლილებების მიხედვით, წვევამდელის გამოძახება ასევე შესაძლებელია ტექნიკური ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან შეტყობინებისა და უწყების პირადად ჩაბარებით.
უწყება შესაძლოა ჩაჰბარდეს როგორც წვევამდელის რეგისტრაციის, ისე ფაქტობრივი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე, ასევე სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე.
ამასთან, შეტყობინება ან უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მას წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს ან მის მიღებაზე უარს განაცხადებს. ოჯახის წევრად კი დედა, მამა, და, ძმა და მეუღლე განისაზღვრა.
ცვლილებებით ასევე განისაზღვრა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები. კერძოდ, შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ასეთ მიზეზად ჩაითვლება წვევამდელის ახლო ნათესავის — დედის, მამის, მეუღლის, შვილის, დის ან ძმის, ასევე ყოფილი მეურვის ან მზრუნველის გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენა და სხვა დაუძლეველი გარემოება.
რაც შეეხება სამედიცინო შემოწმებას, მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან დამატებით სამედიცინო კვლევაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებად განისაზღვრა ავადმყოფობა, ახლო ნათესავის ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, ასევე სტიქიური მოვლენა ან სხვა დაუძლეველი გარემოება.



