„კოკაინის იატაკქვეშა ლაბორატორიები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღმოაჩინეს“ - რას ამბობს ნარკოლოგი

კოკაინი

„კოკაინის ასეთი მასშტაბებით მოხმარებაში ჩაშვება ონლაინ შავმა ბაზრებმა ძალიან გაამარტივა. საზღვარზე კონკრეტულ ინერტულ ნივთიერებად შემოდის, დამზადებით კი სწორედ ქვეყნის ფარგლებს შიგნით ამზადებენ“, - განაცხადა ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში კოკაინის მოხმარების მასშტაბები საგრძნობლად გაზრდილია და დინამიკა მაღალი სისწრაფით პროგრესირებს.

„გასული წლების პერიოდში, საქართველოში კოკაინის მოხმარება მცირე მასშტაბებით, ეპიზოდურად იყო, ბოლო ორი წელია კი სულ უფრო და უფრო იმატებს, ინტენსიურად მოიხმარს ბევრი ადამიანი.

საერთოდ, კოკაინმა ჩვენს ბაზარზე თავი კარგად დაიმკვიდრა და გავრცელებაც მოხერხებულად ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს ნივთიერება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია აქტიურად გავრცელებული, ქართველები რაშიც „გამორჩეულები“ ვართ ისაა, რომ 3-ჯერ უფრო მეტს მოვიხმართ.

კოკაინის ასეთი მასშტაბებით მოხმარებაში ჩაშვება ონლაინ შავმა ბაზრებმა ძალიან გაამარტივა. საზღვარზე კონკრეტულ ინერტულ ნივთიერებად შემოდის, დამზადებით კი სწორედ ქვეყნის ფარგლებს შიგნით ამზადებენ. მაგალითად, შეიძლება შემოიტანონ ერთი ჭიქა კონკრეტული ნივთიერება და მისგან 1 კილოგრამამდე კოკაინი დაამზადონ.

გასულ წელს ვნახეთ კიდეც შემთხვევები, როცა იატაკქვეშა ლაბორატორიები, პირდაპირ ბინებზე, აღმოაჩინეს როგორც თბილისში, ისე ქუთაისსა და ბათუმში. ცხადია, ასეთ პირობებში დამზადებული კოკაინი ხარისხობრივადაც დაბალი დონისაა და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო მეტად სახიფათოა, მეტად აჩენს დამოკიდებულების შეგრძნებასაც და ა.შ. ასე რომ, ასეთი ფაქტები საკმაოდ მომრავლებულია და მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება“, - განაცხადა სიხარულიძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“.