1788335220
მიკროსაფინანსოების მიმართ პრეტენზიები 68%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან მომხმარებლები
2026 წლის ივლისში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 82 საჩივარი დაფიქსირდა, რაც წლიურად 68%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შარშან ივლისში მისოების მიმართ 49 საპრეტენზიო განაცხადი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის ივლისში პრეტენზიები მხოლოდ სალომბარდე სესხებზე (61 განაცხადი), ავტოსესხსა (13 განაცხადი) სხვა ტიპის დარღვევებზე ( 8 განაცხადი) დაფიქსირდა.
ამასთან, პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2026 წლის ივლისში შესული საჩივრებიდან 34 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 33 განაცხადით, ეთიკის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები - 3 განაცხადი, თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 2 განაცხადი, სხვა გადასახდელები 1 განაცხადი, სხვა სახის მომსახურება 9 განაცხადი.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ივლისში 82 საჩივრიდან 57 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 8 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 15 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული, ხოლო 2 -ს შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.



