1772605214
მთავრობა აღმაშენებლის ხეივანზე, 47,000 მ²-ის მიწის ნაკვეთს 94 დევნილი ოჯახის განსახლების პირობით ₾39 მილიონად ყიდის(bm.ge)
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცამეტე კილომეტრის პარალელურად მდებარე 46,911 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის საწყისი ღირებულება 38,702,000 ლარს შეადგენს, რაც კვადრატულ მეტრზე 825 ლარს, ანუ 306 დოლარს შეადგენს.
აღწერის თანახმად, ადგილზე ამჟამად 94 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათ აღნიშნული ფართები საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვთ. დეველოპერი ვალდებულია, უძრავი ქონების შეძენის შემდეგ 36-თვიან ვადაში ადგილზე მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებლით დააკმაყოფილოს. ამასთან, დეველოპერმა 60-თვიან ვადაში ადგილზე არანაკლებ 11 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
"ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით N01.72.14.034.307; N01.72.14.055.120 და N01.72.14.366.001 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ამავე უძრავი ქონებით მოსარგებლე იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე 94 ოჯახისათვის, გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად, არანაკლებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით, საცხოვრებელი ბინ(ებ)ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების (რაც შესაძლოა მოიცავდეს შენობა-ნაგებობ(ებ)ის ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) განხორციელებას) მიზნით, არანაკლებ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ლარის ოდენობის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
კომპანიებს აუქციონში მონაწილეობის მიღება 19 მარტამდე შეეძლებათ.



