1788335220
მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ მცხეთაში მდებარე ე.წ. სამხედროს ქუჩას სახელი შეეცვალა. 2026 წლის 31 აგვისტოდან აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელობისაა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 აგვისტოს განკარგულების თანახმად, ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საფუძველი ისტორიული ვითარება და სხვა ობიექტური გარემოებები გახდა. ქუჩა ამიერიდან ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სახელს.
საქართველოს კანონმდებლობით, გეოგრაფიული ობიექტისთვის საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება, როგორც წესი, მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაა დასაშვები. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, მცხეთის საკრებულომ ამ ვადის გასვლამდე ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 15 აპრილს იმსჯელა, ხოლო 14 ივლისს „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან“ სპეციალური თანხმობა მიიღო.
დოკუმენტს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვახაძე. განკარგულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.
ქუჩა, რომელსაც ილია მეორის სახელი ეწოდა, მცხეთის ერთ-ერთი მთავარი და დატვირთული სატრანსპორტო არტერიაა. ეს სწორედ იმ ცნობილი სამხედრო გზის მონაკვეთია, რომელიც ქალაქზე გადის. ამ ქუჩაზე განთავსებულია არაერთი ადმინისტრაციული, სამედიცინო თუ კომერციული ობიექტი. მათ შორისაა: მცხეთის რაიონული სასამართლო მცხეთის სამედიცინო ცენტრი ბანკების ფილიალები, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრი თუ მაღაზია.



