1781245047
რა ღირს ერთჯერადი ვიზიტი აუზზე თბილისსა და მის შემოგარენში – მიმდინარე სეზონის ტარიფები
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში საცურაო აუზებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. მათთვის, ვინც გრძელვადიანი აბონემენტის შეძენას პერიოდულ, ერთჯერად ვიზიტებს ამჯობინებს, ფასების დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია.
უფრო დეტალურად, სხვადასხვა ონლაინ შეთავაზების მიხედვით, აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ფასები თბილისსა და მის შემოგარენში 20 ლარიდან იწყება, პრემიუმ სივრცეებში კი ღირებულება 200 ლარამდეც აღწევს.
ძირითადად, ტარიფები დამოკიდებულია კომპლექსის კატეგორიაზე, მომსახურების პაკეტსა და კვირის დღეებზე, რადგან შაბათ-კვირას ვიზიტის ღირებულება თითქმის ყველა სივრცეში 20-30%-ით უფრო მაღალია.
ყველაზე ბიუჯეტურ სეგმენტს სპორტული ტიპის კომპლექსები წარმოადგენს. ასეთ ლოკაციებზე ერთჯერადი შესვლის ღირებულება სამუშაო დღეებში 20-დან 45 ლარამდე მერყეობს, ხოლო შაბათ-კვირას ფასი 40-დან 55 ლარამდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ 20 ლარის სანაცვლოდ აუზით სარგებლობის შესაძლებლობა, მომხმარებლებს ძირითადად შემთხვევაში, ფასდაკლებული შეთავაზების პირობებში ეძლევათ. როგორც წესი, აღნიშნულ საფასურში შედის მხოლოდ აუზი და გასახდელი, ხოლო შეზლონგი ან დამატებითი ინვენტარი ხშირად ცალკე ქირავდება.
საშუალო კლასის ღია აუზებსა და დასასვენებელ კომპლექსებში, სადაც აქცენტი უფრო მეტად გარუჯვაზე კეთდება, ვიზიტის საფასურში სტანდარტულად გათვალისწინებულია შეზლონგი და ქოლგა. ასეთ სივრცეებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შესვლა საშუალოდ, 50-დან 80 ლარამდე ჯდება, ხოლო უქმე დღეებში ტარიფი 80-დან 120 ლარამდე იწევს.
რაც შეეხება შედარებით მაღალბიუჯეტურ საფასო კატეგორიას, სადაც ვიზიტის ღირებულება 200 ლარამდეც აღწევს, ეს ფასები ქალაქის წამყვან, პრემიუმ კლასის სასტუმროებში მოქმედებს. ასეთ კომპლექსებში, საცურაო სივრცეებით სარგებლობის ერთჯერადი, დღიური ღირებულება სამუშაო დღეებში 120-150 ლარიდან იწყება, ხოლო შაბათ-კვირას 150-დან 200 ლარამდე აღწევს..
გასათვალისწინებელია, რომ მსგავს შემთხვევებში, ერთჯერადი აუზით სარგებლობის ონლაინ შეთავაზებას, ხშირად სხვა სერვისებიცაა მიბმული. ტარიფში აუზის, შეზლონგისა და პირსახოცის გარდა, შესაძლოა, სასტუმროში არსებული სხვა მომსახურებებიც შედიოდეს. მაგალითად, ამ ფასში ვიზიტორს ფიტნეს დარბაზითა და სპა ზონით სარგებლობის შესაძლებლობაც ჰქონდეს. თბილისის შემოგარენში, საშუალო კლასის სასტუმროებში კი, პაკეტი შესაძლოა, ნომერში დარჩენის შეთავაზებასაც მოიცავდეს.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ლოკაციაზე მოქმედებს საბავშვო ტარიფები, სადაც 6 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა, ხოლო 6-დან 12 წლამდე 50%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ზოგიერთი აუზი სთავაზობს მომხმარებელს ე.წ. „Happy Hour“-ს დილის ადრეულ ან საღამოს საათებში, როდესაც ერთჯერადი ვიზიტის ფასი სტანდარტულთან შედარებით 20-30%-ით ნაკლებია.



