როდის იქნება ცნობილი სასკოლო ფორმების ფასი და ვისთვის იქნება უფასო

ფორმა

„ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. მიწოდების შესახებ ინფორმაციაც ზაფხულის პერიოდში გახდება ცნობილი.

„ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება. ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება”, - განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს. აღნიშნული კომპანია ჩინეთში დაფუძნებულია საწარმოა, საქართველოში კი რეგისტრირებულია 2026 წლის მარტში.