სად გაიმართება წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები - მთავრობის განკარგულება

26 მაისი

მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, გასული წლის მსგავსად, წელსაც საზეიმო აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

რაც შეეხება ღონისძიებების დეტალურ გეგმას, დოკუმენტის მიხედვით:

  • 9 აპრილის სახელობის ბაღისა და ორბელიანი ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები მოეწყობა;
  • დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება;
  • ფიცის დადების ცერემონია, შესაბამისად ტრიბუნები და სცენა თავისუფლების მოედანზე მოეწყობა.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში იქნება რამდენიმე კოსტიუმირებული მსვლელობა, საბავშვო წარმოდგენები და სპორტული აქტივობები.

განკარგულების მიხედვით, ორბელიანი მოედანსა და იტალიის ქუჩაზე გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობისა და კვების ზონა მოეწყობა, ასევე სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გადაიკეტება თავისუფლების მოედანი, ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.

მსგავსი აქტივობები ასევე დაგეგმილია რეგიონებშიც. კერძოდ, თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ამბროლაურში, რუსთავში, ფოთში, ახალციხეში, ქუთაისში, მესტიაში, ახალქალაქში, მარნეულსა და მცხეთაში.