სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ბაობაბის ხეები

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანის სამართალდამცავებმა სპეციალურად დაცული ბაობაბის ხის გადაზიდვა შეაჩერეს, რომლებიც, საქართველოში „ლანდშაფტის დიზაინის პროექტისთვის“ იყო განკუთვნილი. ამის შესახებ dailymaverick-ი წერს.

დურბანში მდებარე საწყობში, რომელიც MSC ჯგუფის (ხმელთაშუა ზღვის გადაზიდვების კომპანია) პარიზში დაფუძნებული შვილობილი კომპანია Africa Global Logistics (AGL)-ს ეკუთვნის, სულ მცირე ხუთი დიდი ბაობაბი აღმოაჩინეს, რომელთა ფესვები და ტოტებიც ძირითადად მოჭრილი აქვთ.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქმეზე სისხლის სამართლის ბრალდებაც არის აღძრული, რადგან სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ექსპორტიორებმა ვერ წარმოადგინეს ეროვნული ტყეების შესახებ კანონით მოთხოვნილი ლიცენზიის ან ექსპორტის მოქმედი ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში ქართველი მყიდველების ან მათი აგენტების ვინაობა არ არის ნახსენები.

თავის მხრივ, AGL ამტკიცებს, რომ ის უბრალოდ „მომსახურების მიმწოდებელია“.

„საქართველო, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ფინტექ მაგნატების სამშობლოა. შავი ზღვის სანაპიროზე კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტურ და შიდა მთიან რაიონებში კი თოვლი და ნულს ქვემოთ ტემპერატურაა“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ცნობისთვის, ბაობაბი, აფრიკის ხის ერთ-ერთი საკულტო სახეობაა, რომელსაც 2000 წლამდე სიცოცხლე შეუძლია. იგი იმ თითქმის 50 სპეციალურად დაცულ ადგილობრივ ხის სახეობას შორისაა, რომელთა მოჭრა, დაზიანება, გადატანა, შენახვა, გაყიდვა, ტრანსპორტირება ან ექსპორტი დაუშვებელია DFFE-ს სპეციალური ოფიციალური ლიცენზიის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში შეკვეთილის დენდროლოგმა პარკმა, სადაც კენიიდან იმპორტირებული რვა ბაობაბის ხე იყო გადარგული, გაავრცელა განცხადება, სადაც რვავე ბაობაბის ხის გახმობის შესახებ იუწყებოდა.s