საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა და 3 704 500 კაცს შეადგენს - „საქსტატი“

მოსახლეობა

2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

„2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6 პროცენტს.

2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774 500 შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920 100. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.

2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.