საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი ფინანსებია - UNFPA

ჩვილი

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია, - ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან.

გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოკითხულთა 39% მთავარ ბარიერად ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 37% შესაფერისი პარტნიორის არარსებობას ასახელებს.

კვლევაში მონაწილეთა 38% მშობლობისთვის მთავარ ბარიერად საკუთარი საცხოვრისის არარსებობას ასახელებს, 30%-სთვის კი ბარიერია ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შიშები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მშობლობისთვის მოქალაქეები სხვა სახის პრობლემებსაც ასახელებენ:

  • პარტნიორის არასაკმარისი ჩართულობა საოჯახო საქმეებსა და ბავშვზე ზრუნვაში - 27%
  • რეგიონში/მსოფლიოში არასტაბილურობა - 23%
  • პარტნიორის სურვილი, რომ შვილები არ ჰყავდეს - 21%
  • უკვე მიღწეულია სასურველი შვილების რაოდენობა - 21%
  • მშობლობის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინები - 19%
  • სხვა ადამიანებზე/მშობლებზე ზრუნვის დიდი პასუხისმგებლობა - 19%
  • კლიმატის ცვლილება/გარემოსდაცვითი პრობლემები - 15%

კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 77% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ წინაპირობა ფინანსური უსაფრთხოებაა, 68%-სთვის ეს მეუღლის ყოლა, ხოლო 74%-სთვის ფსიქოლოგიური მზადყოფნაა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ საკუთარი საცხოვრებლის ფლობა, 73%-სთვის - სტაბილური დასაქმება, 60%-სთვის - განათლების დასრულება, 58%-სთვის - კარიერაში დამკვიდრება, ხოლო 34%-სთვის - სასურველი ადგილების მონახულება.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე: აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და კოსოვოში (გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუცია), ინტერნეტზე წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის 13 500-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით.