"შესაძლებელია, 1000 ლარით დაჯარიმდეთ" - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძიძასთან ურთიერთობის დროს

ძიძა

როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.

- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ­ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამა­ტებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში­ მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?

- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განი­საზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?

- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის­ შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობის­თვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?

- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.

გააგრძელეთ კითხვა