შსს 241 000 ევროდ გაწვრთნილ ძაღლებსა და კინოლოგიურ აღჭურვილობას შეისყიდის

კინოლოგი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის წესით 241 272 ევროს ღირებულების კონტრაქტს აფორმებს, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო წინასწარ გაწვრთნილ ძაღლებს, კინოლოგიურ აღჭურვილობასა და სასწავლო კურსებს მიიღებს.

შესყიდვის მიზანია როგორც დანაშაულის გახსნის პროცესის გაძლიერება, ისე ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა.

რას ითვალისწინებს შესყიდვა

დოკუმენტაციის მიხედვით, შსს შეიძენს:

  • 5 ძაღლს, რომლებიც ადამიანის სუნის კვალზე მუშაობენ;
  • 10 ძაღლს, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ავლენენ;
  • მათთვის განკუთვნილ სპეციალურ აღჭურვილობას (გალიები, წყლის ჭურჭელი, საბმელები, საყელოები, პოლიციური ჟილეტები, „Police K9“ ნიშნები, სავარჯიშო ინვენტარი და სხვა);
  • კინოლოგების გადამზადების კურსს საერთაშორისო სერტიფიცირებით.

შესყიდვის პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ძაღლები და აღჭურვილობა საქართველოში არაუგვიანეს 60 დღეში შემოიტანოს, ხოლო ტრენინგი 10-დღიან ვადაში ჩატარდეს. ყველა ძაღლი გაივლის საჭირო სამედიცინო შემოწმებას და ჩიპირებას.

შსს-ს განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა ნარკოტიკების ქვეყნის შიგნით შემოტანის და გავრცელების მასშტაბი. სამინისტროს შეფასებით, არსებული რესურსები სრულად ვერ პასუხობს გამოწვევებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოქმედი სამსახურებრივი ძაღლების ნაწილი ასაკშია და მათ ახალი მეთოდების ათვისება უჭირთ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ძაღლების მუშაობა დანაშაულის ადგილზე არა მხოლოდ საგამოძიებო პროცესს აჩქარებს, არამედ მტკიცებულებების სიზუსტესაც ზრდის. მათი მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები ხშირად სასამართლოშიც გამოიყენება.

შსს-ს მტკიცებით, პროცედურული ვადების გამო ტენდერის გამოცხადება პროცესს მნიშვნელოვნად დააგვიანებდა. გარდა ამისა, წინასწარ გაწვრთნილი ძაღლების მიწოდებას ძირითადად არარეზიდენტი კომპანიები ახორციელებენ, რომელთაც ინტერესიც ნაკლებად აქვთ ტენდერებში მონაწილეობის.