სომხეთში ბიზნესმენი გარიკ ცარუკიანი დააკავეს - ვინ არის და რა ბიზნესებს ფლობს „დოდი გაგო”

დოდი გაგო

სომხეთში კიდევ ერთი პრორუსი ოლიგარქი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, გაგიკ ცარუკიანი დააკავეს, რომელიც, ასევე, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერია. ის სომხეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა, ხოლო სასამართლოში მისი დაპატიმრების შუამდგომლობა შევიდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ცარუკიანის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 ივლისის დილიდან ოლიგარქის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო პროცესი საღამოს საათებამდე გაგრძელდა. ჩხრეკა როგორც ცარუკიანის სახლში, ასევე, მის ჰოლდინგ Multi Group-ში ჩატარდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ერთდროულად 70-ზე მეტი მისამართი გაიჩხრიკა.

ცარუკიანს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ხელშეწყობა ედება ბრალად. ადვოკატის ცნობით, საქმე სომხურ-ირანის სავაჭრო პალატას უკავშირდება და სომეხმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, ირანის გარკვეულ მასალებზე დაყრდნობით, ცარუკიანი ამ საქმეში ბრალდებულად გადააკვალიფიცირეს.

ვინ არის გაგიკ ცარუკიანი, იგივე „დოდი გაგო”

გაგიკ ცარუკიანი, ფართო წრეებში ცნობილია მეტსახელით “დოდი გაგო.” ის 1956 წლის 25 ნოემბერს, სომხეთის მაშინდელი სსრ-ის სოფელ არინჯში დაიბადა. დაამთავრა იმავე სოფლის საშუალო სკოლა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, ჯავაჰირი გაიცნო. 1989 წელს ფიზიკური აღზრდის სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც კრივში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში ვარჯიშობდა.

„აყვავებული სომხეთის“ დამფუძნებელი სომხეთის ეროვნული კრების წევრი 2003 წლიდანაა, ხოლო 2004 წლიდან სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. 2004 წლის 30 აპრილს ის აირჩიეს და დღემდე რჩება პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერად.

2020 წლის ივნისში მას საპარლამენტო იმუნიტეტი მოეხსნა. მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ცარუკიანის ბიზნესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა იყო, რომელიც უკანონო ბიზნეს-საქმიანობას, სომხეთის მაშინდელი საარჩევნო პროცესის დროს ქრთამის აღებისა და მისი კომპანიების მონაწილეობით დანაშაულებრივი სქემების გამოვლენას ეხებოდა.

ცარუკიანი სომხეთში ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე და კონცერნ Multi Group-ის დამფუძნებელია. მისი ქონება, სხვადასხვა შეფასებით, პიკზე 2.2 მლრდ დოლარს აღწევდა, ხოლო ბიზნესი წარმოებიდან კაზინოებამდე სექტორებს მოიცავს.

სამეწარმეო საქმიანობას 1980-იანი წლებიდან ეწეოდა. 1992 წლიდან კომპანია „არმენიის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც მან, ასევე, თავის სოფელ არინჯში რძის პროდუქტების საწარმო დააარსა.

მრავალპროფილური კონცერნი, Multi Group ცარუკიანმა 1995 წელს დააარსა, რომელიც ქიმიურ-ფარმაცევტულ, ტურისტული, ავტოიმპორტიო და დილერულ, ავეჯის, ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლების, ცემენტის მწარმოებელ, ქვეყნის მასშტაბით თხევადი ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ, აგრარულ, სასტუმრო და სპორტული კომპლექსებისა და ტანსაცმლის იმპორტიორ კომპანიებს მოიცავს.

წლევანდელი 7 ივნისის არჩევნების შედეგად პრორუსული „აყვავებული სომხეთი“ და მისი ლიდერი პარლამენტში ვეღარ მოხვდა.

The Insider წერდა, რომ ცარუკიანი რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვს და 2019 წლის თებერვალში „აყვავებულმა სომხეთმა“ მმართველ „ერთიან რუსეთთან“ თანამშრომლობის პროტოკოლს ხელი მოაწერა. ამასთან, ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული და ამჟამად დაშლილი განყოფილებიდან გამოჟონილი მასალები ცარუკიანის პასპორტის ასლსა და 2017 წელს მისი საარჩევნო კამპანიის ხარჯთაღრიცხვას მოიცავდა.

ცნობისთვის: ზუსტად ერთი თვის წინ, 7 ივნისს სომხეთში რუსეთთან კავშირის მქონე მორიგი ბიზნესმენი, კერძოდ, რუსეთში სომხური ბიზნესსაბჭოს ვიცეპრეზიდენტი დააკავეს. ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან სომხეთის მოქალაქეების ტრანსპორტირების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილია.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ეჭვმიტანილი სომხეთში 31 მაისს ჩავიდა და Telegram-ის გამოყენებით რუსეთში მცხოვრები სომხებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში უფასო მგზავრობას უზრუნველყოფდა.

BPN