უცხოური ინვესტიციები შემომაქვს და ამით ვეხმარები საქართველოს - ირაკლი ალასანია

ბიზნესი 1674372805
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია უძრავი ქონების ბიზნესში არის ჩართული. ტელეკომპანია პირველის ეთერში ირაკლი ალასანიამ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას უწყობს ხელს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, უცხოური ინვესტიციების განხორციელების პროცესში დახმარებით, ის ქვეყნის ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

„შემომაქვს ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მგონია, რომ დღეს ასე უფრო მეტს ვმატებ ქვეყანას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომაქვს ქვეყანაში და ამით ვეხმარები დღეს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა და კიდევ დასაქმდება. ამით ვარ დღეს დაკავებული“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ირაკლი ალასანია შვიდი კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „კინორი“ და „სოდი ინვესტმენტი“. აღნიშნული საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია ფრანგი ბიზნესმენი დომინიკ რომანო, რომლის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ი საქართველოში პროექტებს 2018 წლიდან ახორციელებს.

ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, ასევე დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 150-ნომრიანი სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარება. დეველოპერულმა კომპანია „კინორმა“ კი თბილისში ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა.