1771408909
„ვაკე არის თვითმკვლელი უბანი - სადაც ყველაზე ძვირია ბინები, ურბანულად ის უფრო სახიფათოა“
„ვაკე არის თვითმკვლელი უბანი - სადაც ყველაზე ძვირია ბინები, ურბანულად ის უფრო სახიფათოა“, - ამის შესახებ არქიტექტორ-ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქი განაშენიანების კუთხით მძიმე მდგომარეობაში, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში კი ყველაზე ძვირად ღირებული უბნებია.
როგორც ლადო ვარდოსანიძე განმარტავს, მშენებლობები „მეტასტაზებივით“ არის, ვაკის შემდეგ მოედო საბურთალოს, დიდუბეს და პროცესი შეუქცევადი გახდა.
„სადაც ყველაზე ძვირია ტერიტორია და ბინები, ურბანულად ის უფრო სახიფათოა, გადატვირთული და ა.შ. ავად სახსენებელ საბჭოთა დროს, რატომ იყო პრესტიჟული ვაკე? - იმიტომ, რომ არ იყო ასეთი გადატვირთული და უშუალოდ ემიჯნებოდა ბუნებრივ გარემოს, იქნებოდა ეს თრიალეთის ქედის განშტოება თუ ბაგების ნაძვების ხელოვნური კორომი, რომელსაც არ ვიცი, რა ვუქენით... ბაგები, ჩემთვის ეს არის კატასტროფა. მე პირადად ვხედავდი როგორ დარგეს და როგორ უვლიდნენ თითოეულ ფიჭვის ხეს, რა უქნეს ახლა?! ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი ამბავია, როდესაც მაშინდელმა თბილისის მერიამ თავისი თანამშრომლებისთვის გამოყო თუ არ ვცდები 4 ჰექტარი. ზოგადად, ასეა, ჯინს რომ გამოუშვებ ბოთლიდან, მერე მისი უკან ჩაბრუნება შეუძლებელია. ეს არის ჩვენი რეალობა, ჯინი გამოშვებულია, სანამ ურბანისტებს არ დაუჯერებენ, ასე ვიცხოვრებთ.
თუ მკითხავთ, რა გვეშველება - მე კონტრ-კითხვით გიპასუხებდით, რატომ უნდა გვეშველოს?! როცა ამდენი დავაშავეთ. დაუჯერეთ ურბანისტებს და ქალაქმგეგმარებლებს.
შემიძლია გითხრათ, რომ ვაკე არის თვითმკვლელი უბანი, ანუ თვითონ ჩაკლა ის თვისებები, რის გამოც ის ითვლებოდა საცხოვრებლად ყველაზე კარგ უბნად. ეს მეტასტაზებივით არის, ახლა საბურთალოს მოედო, შემდეგი დიდუბე იქნება და ა.შ. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ განსახლების სისტემა არ გვაქვს. რეალისტური დეცენტრალიზაციაა საჭირო “,- ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
ცნობისთვის, „ქოლიერსის“ მიხედვით, 2025 წელს თბილისში მშენებარე საცხოვრებელი ფართების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
უფრო კონკრეტულად, გასულ წელს დედაქალაქში მშენებლობის პროცესში 87 218 ბინა იყო. 2025 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარმა 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა და 20 ათასი ბინის მშენებლობა დასრულდა.
ამასთანავე, თბილისში აქტიური მშენებლობების მიხედვით 23%-იანი წილით საბურთალო ლიდერობს, მას კი 19%-იანი წილით დიდი დიღომი და 18%-იანი წილით სამგორი მოსდევს.



