ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

ძაღლი

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, დღეს სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც რეგიონებში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.

„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა,“ - განაცხადა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა.