1733738781
მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა - როგორია ბიზნესმენის ქონება
ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა.
განახლებული მონაცემებით, ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერებს შორის ამჟამად 497-ე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 6.29 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, 49 წლის ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერების სიას 2024 წლის 21 სექტემბრის მას შემდეგ გამოეთიშა, რაც მისი კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
უფრო კონკრეტულად, საუბარია Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.
ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.
Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით კი 22 სექტემბერს მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზე იყო, Bloomberg-ის რეიტინგში კი ვეღარ ხვდებოდა.
რაც შეეხება Forbes-ის ამჟამინდელ მაჩვენებლებს, ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, რითაც რეიტინგში კვლავ 581-ე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“.