1767855689
„ნესტლემ“ ჩვილ ბავშვთა ხელოვნური საკვების პარტიები გაიწვია - რომელ პროდუქტებს შეეხო აკრძალვა
კომპანია „ნესტლემ“ ჩვილის ხელოვნური საკვების შეზღუდული პარტიები გაიწვია. საქმე ეხება მშრალი ხსნადი რძისა და ფერმენტირებული რძის შემცველი ფორმულების შერჩეულ პარტიებს, ასევე ამინომჟავებზე დაფუძნებულ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებიც სპეციალიზებული სამედიცინო დიეტის მქონე ჩვილებისთვის არის განკუთვნილი. პროდუქტებს შორისაა NAN 1 OPTIPRO, NAN 2 OPTIPRO, NAN Kislomolochniy (12 თვემდე ჩვილებისთვის), NAN Supreme (იგივე ასაკობრივი ჯგუფი) და ALFARÉ Amino.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, „ნესტლემ“ პროდუქცია უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან გაიწვია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავისი პროდუქცია - SMA, BEBA და NAN კომპანიამ ევროპის რამდნეიმე ქვეყნიდანაც ამოიღო.
საქმე ეხება არაქიდონის მჟავაში ცერეულიდის ტოქსინს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ოდენობით დადასტურდა, „ნესტლემ“ ნებისმიერი შესაძლო რისკის შესამცირებლად ნებაყოფლობითი გამოწვევის მეთოდი აირჩია. გაწვევის პროცესი უზბეკეთში 2026 წლის 5 იანვარს დაიწყო.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამოღებას დაექვემდებარა მხოლოდ მითითებული პარტიები და ჩვილ ბავშვთა სხვა კვების პროდუქტები ჩვეულებრივ კვლავ რჩება გაყიდვაში. „ნესტლემ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მისი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანიაში განაცხადეს, რომ გაწვევა წარმოადგენს სიფრთხილის ზომას, რომელიც შეესაბამება მის გლობალურ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მათი მტკიცებით, დღემდე არ დაფიქსირებულა ზიანის არცერთი დადასტურებული შემთხვევა.



