პოლონეთი მოხალისეებს პლაჟების დასუფთავების სანაცვლოდ უფასო დასვენებას სთავაზობს

სანაპირო

პოლონეთში ფონდ Bałtyk 2.0-მა უჩვეულო კამპანია წამოიწყო. კერძოდ, 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია, უფასოდ დაისვენოს ბალტიის ზღვის პოლონეთის სანაპიროზე, თუკი სანაცვლოდ პლაჟების დასუფთავებაში ჩაერთვება. ინფორმაციას 34travel ავრცელებს.

პირველი ეკოლოგიური ჯგუფი დასუფთავების სამუშაოებს 3 ივლისს დაიწყებს, ხოლო განაცხადების მიღება 22 ივნისამდე გრძელდება.

მონაწილეებს კარვებში განთავსებას, საკვებით უზრუნველყოფას, დაზღვევასა და სამუშაოსთვის საჭირო ყველა ინვენტარს სთავაზობენ, ხელთათმანებიდან დაწყებული ნაგვის ტომრებით დამთავრებული.

ინიციატივა სპეციალური სამაჯურების გაყიდვით ფინანსდება.

მხოლოდ გდინიაში, რომელიც გდანსკის ყურის სანაპირო პორტია, სადღესასწაულო სეზონზე 120 ტონამდე ნაგავი გროვდება, ხოლო პლაჟზე დიდი წვეულებების შემდეგ მხოლოდ ერთ შაბათ-კვირას 10 ტონამდე მინა შეიძლება, დარჩეს.

მოხალისეებს გართობასაც ჰპირდებიან. კერძოდ, პროგრამა SUP-ბორდებზე ერთობლივ გასეირნებას, პლაჟის ფრენბურთს, ქვიშაში ხატვასა და საღამოს კოცონს ითვალისწინებს.

გარემოსდაცვითი ინიციატივა ჰელის ნახევარკუნძულის პლაჟებს მოიცავს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტი არა მხოლოდ დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს, არამედ სანაპიროზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემაზეც მიიპყრობს ყურადღებას.