რა ემუქრებათ მიგრანტებს რუსეთში 2025 წლიდან - გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის 12 კანონი

მიგრანტები

1-ელი იანვრიდან რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებით, უვიზოდ ყოფნის ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 90 დღემდე მცირდება. ამის შესახებ არალეგალ მიგრანტთა გასახლების მექანიზმების დანერგვისა და იმ კონტროლირებად პირთა რეესტრის შექმნის კანონში წერია, რომლებსაც რუსეთში ყოფნა ეკრძალებათ.

კანონი სახელმწიფო სათათბირომ ივლისში მიიღო. კანონის დანარჩენი დებულებები ოფიციალური გამოქვეყნებიდან 180 დღეში, ანუ 2025 წლის თებერვლის დასაწყისში შევა ძალში.

კანონი პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, უცხოელები ქვეყნიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გააძევოს. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც შეიძლება, იყოს.

კანონი, ასევე, რუსეთიდან გასახლების ახალ საკანონმდებლო რეჟიმს აწესებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. რეესტრში მოხვედრილ პირებს, მაგალითად, იურიდიულ და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, ქორწინება, ქონების შეძენა-რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა და მართვის მოწმობების შეცვლა ეკრძალებათ.

რუსეთმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმა მოხდა.

მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფისთვის სულ 12 კანონი იქნა მიღებული. ესენია:

  • არალეგალ მიგრანტთა გასახლების მექანიზმების დანერგვა და კონტროლირებად პირთა რეესტრის შექმნა, რომლებსაც რუსეთში ყოფნა ეკრძალებათ
  • მიგრანტებისთვის SIM-ბარათების რაოდენობის შეზღუდვა და საკომუნიკაციო ხელშეკრულებების გაფორმების წესების გამკაცრება, სავალდებულო ბიომეტრიის ჩათვლით
  • ბრძოლა ფიქტიური ქორწინებისა და ფიქტიური შვილად აყვანის წინააღმდეგ
  • რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამხედრო რეგისტრაციის დარღვევისთვის
  • სამთავრობო ექსპერიმენტების ჩატარება რეგიონებთან ერთად შესვლის/გასვლის წესების შესახებ
  • არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის ქონების ჩამორთმევა
  • ორგანიზებული მიგრაციისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის ჯარიმების გაზრდა
  • არალეგალური მიგრაციის ორგანიზება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიცირებულ ქმედებად განისაზღვრა
  • სანქციების გამკაცრება ყალბი დოკუმენტების გაყალბების ან ბრუნვისთვის, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიქტიურ რეგისტრაციასთან და აღრიცხვაზე აყვანის დანაშაულებისთვის
  • რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად იქნა აღიარებული
  • დაწესდა სრული აკრძალვა შუამავალი ორგანიზაციებისთვის გამოცდებში მიგრანტთა მონაწილეობის მისაღებად
  • მიგრაციის სფეროში არალეგალური სერვისების მიწოდების შემცველი ინტერნეტ- რესურსები სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაიბლოკება

რუსეთში მიგრაციულმა ნაკადმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, რამაც, ეკონომისტების შეფასებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის ძირითად სექტორებში შესაძლოა, მუშახელის დეფიციტი გაზარდოს. შედეგად მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდება.