რა ქონებას ფლობს ნიკოლას მადურო, რომელიც ოდესღაც ავტობუსის მძღოლი იყო

ნიკოლას მადურო

ნიკოლას მადურომ, რომელიც თითქმის 12 წელია ვენესუელას პრეზიდენტია, მმართველობა მოულოდნელად დაასრულა.

შეგახსენებთ, მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს და ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მის ქონებას, 63 წლის მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის, წმინდა ქონების შეფასება შეზღუდული ინფორმაციის გამო ბუნდოვანია. „ცნობილი ადამიანების წმინდა ქონების“ მიხედვით, მადუროს წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ფლორესის წმინდა ქონება 2-დან 5 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ეს შეფასებები საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებსა და აღრიცხულ აქტივებს ეფუძნება.

ცნობისთვის, წლების წინ მადურომ კარაკასის მეტროპოლიტენის სისტემაში ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. თანდათან ის პროფკავშირებში ჩაერთო. ამან ის პოლიტიკაში გაიყვანა და ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის, ახლო მოკავშირე გახდა.

2013 წელს ის დაქორწინდა ქვეყნის წამყვან იურისტსა და პოლიტიკოსზე, სილია ფლორესზე, რომელიც ვენესუელას ეროვნული ასამბლეის წევრი იყო, ხოლო 2006 წელს მისი პრეზიდენტი გახდა. 2006 წლიდან 2013 წლამდე მადურო ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2013 წელს ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ის სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

2024 წელს ის მესამედ აირჩიეს პრეზიდენტად.

შეგახსენებთ, მადუროს მთავრობას არაერთხელ დასდეს ბრალი ფართოდ გავრცელებულ კორუფციაში, მათ შორის ბრალდებებში, რომ მაღალი თანამდებობის პირები ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მილიარდობით დოლარს კრიმინალური ქსელების მეშვეობით ითვისებდნენ. მის ადმინისტრაციას აშშ-მა და სხვა ერებმა მკაცრი სანქციები დაუწესეს. 2020 წელს ვაშინგტონმა მას კორუფციასა და სხვა დანაშაულებში ბრალი წაუყენა.

მა­დუ­როს მო­მა­ვალ კვი­რას მა­ნ­ჰე­ტე­ნის ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში ნარ­კო­ტი­კებ­თან და ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს წა­უ­ყე­ნე­ბენ.