რუსეთი სანქციების ფონზე საერთაშორისო ვაჭრობაში ბიტკოინს იყენებს

ბიტკოინი

რუსულმა კომპანიებმა საერთაშორისო გადახდებისთვის ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დასავლური სანქციების საწინააღმდეგოდ შეტანილი ცვლილებების შედეგად ასეთი ოპერაციები კანონმდებლობით იქნა დაშვებული.

ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

“საგარეო სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ექსპერიმენტულ რეჟიმში ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია, რომელიც რუსეთში მოვიპოვეთ. ასეთი ტრანზაქციები უკვე ხდება და ისინი უნდა გაფართოვდეს და განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალ წელს მოხდება. ციფრულ ვალუტაში საერთაშორისო გადახდები - ეს მომავალია,” - ამბობს სილუანოვი.

Reuters წერს, რომ დასავლეთის სანქციებმა მსხვილ პარტნიორებთან, როგორიც ჩინეთი და თურქეთია, რუსეთის ვაჭრობა გაართულა. ამ ქვეყნების ბანკები რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს უკვე ერიდებიან, რომ დასავლური რეგულატორების შემოწმება თავიდან აიცილონ.

წელს რუსეთმა საგარეო სავაჭრო ოპერაციებში კრიპტოვალუტის გამოყენება დაუშვა და კრიპტოვალუტის, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგის ლეგალიზებისთვის ნაბიჯები გადადგა.

რუსეთი ბიტკოინ-მაინინგის სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.

ცნობისთვის: მიმდინარე თვის დასაწყისში პუტინმა ბიტკოინი სარეზერვო ვალუტაში დოლარის ალტერნატივად დაასახელა. მან კრიპტოვალუტის ფართო გამოყენებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ბიტკოინის რეგულირება მსოფლიოში არავის შეუძლია. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენით დაუყოვნებლივ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგს აკანონებს.

bpn.ge