1746084729
სოხუმის აეროპორტის გახსნიდან სასტუმრო ჯავშნები უკვე 10%-ით გაიზარდა - რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ აფხაზეთში სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რასაც „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში 1.2 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან და დღეის მონაცემებით, საზაფხულო ტურების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.
„სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ ახალი ამბების ფონზე სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა,“ - ამბობს ვოლვაჩი.
ის დასძენს, რომ წლევანდელ ზაფხულს 300 ათასზე მეტი რუსი ტურისტი კომფორტულად და სწრაფად შეძლებს სოხუმში თვითმფრინავით ჩასვლას, ხოლო რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ტურიზმის განვითარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია.
„რუსებისთვის აფხაზეთი კვლავ აბსოლუტური ლიდერია ყველაზე ხელმისაწვდომ უცხოურ საპლაჟო კურორტებს შორის,“ - აცხადებს ვოლვაჩი.
ცნობისთვის: 1-ელ მაისს, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი, თითქმის, სრული დატვირთვით, ანუ ბორტზე 49 მგზავრით აფრინდა. თბილისის დროით, დაახლოებით, 19:20 საათზე თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.