„ხელფასი დღიურად 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს - მუშახელს იპოვით, თუმცა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ“

ნუში

საქართველოში ნუშის კრეფა კვლავაც აქტიურ ფაზაშია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ნუშის და კაკლის ასოციაციის წარმომადგენელმა ლევან ქვარიანმა განაცხადა, მოსავლის აღების პროცესი წვიმების გამო გახანგრძლივდა.

მისი თქმით, წელს ნუშის მოსავლის მკვეთრი ზრდა არ არის მოსალოდნელი, იქიდან გამომდინარე, რომ საგაზაფხულო მოყინვების გამო, ნაყოფი ყვავილობაშივე დაზიანდა.

„მოსავლის მოცულობასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ნუშის კრეფის სეზონია. სექტემბერი წვიმიანი იყო და ბევრ ფერმერს კრეფის პროცესი გაუგრძელდა. მოცულობასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები გვექნება ოქტომბრის ბოლოს, როცა ყველას მოსავალი იქნება დაბინავებული.

შარშანდელთან შედარებით დიდ ზრდას არ ველოდებით, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს ზრდა... ეს განპირობებულია იმით, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ნაადრევი ყინვებიც იყო და ცუდი ამინდებიც დაემთხვა, ქარისა და წვიმების შედეგად კი ნუშის ყვავილის გაცვენა მოხდა. შარშან გვქონდა 3000 ტონა გაუტეხავი ნუში, ვფიქრობ, რომ წელს დაახლოებით იმავე რაოდენობის მოსავალს შევინარჩუნებთ“, - ამბობს ქვარიანი.

მისივე თქმით, წელს მცირედით გაიზარდა როგორც ნაჭუჭიანი, ასევე უნაჭუჭო ნუშის ფასი.

„ნაჭუჭიანი ნუშის ჩაბარების ფასი გაზრდილია. მაგალითად, თუ შარშან საშუალო ხარისხის გაუტეხავი ნუშის ფასი იყო 1.2 დოლარი, წელს დაახლოებით 1.5 დოლარსაც იხდიან. ეს აისახება ნუშის გულის ფასზეც, შარშან 18 ლარი იყო გული, წელს კი 20 ლარის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს ლევან ქვარიანი.

რაც შეეხება მუშახელს, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ნუშის მკრეფავების დეფიციტი ბაზარზე არ შეინიშნება, თუმცა მუშახელის დაქირავება გაძვირდა.

„ბაზარზე ჩვენ შემთხვევაში დეფიციტი არ ყოფილა - მუშახელს იპოვით, თუმცა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ეს არის კულტურა, რომლის კრეფაც უნდა ხდებოდეს მექანიზებული საშუალებებით. მკრეფავების ხელფასი დღიურად 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, ეს დამოკიდებულია რეგიონსა და დამსაქმებელზე“, - განაცხადა ლევან ქვარიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.