ფრანგული გამოცემა - „პარი სენ-ჟერმენში“ კვარაცხელიასა და ოსიმენის ერთად თამაში გამოირიცხა

სპორტი 1772688249
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

„ნაპოლის“ თავდასხმის დუეტის (ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია) „პარი სენ-ჟერმენში“ ერთად თამაში გამოირიცხა – ნიგერიელი თავდამსხმელი პარიზულ გრანდში არ გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.

ოსიმენის ტრანსფერი პსჟ-ში თითქმის გამორიცხულია, რადგან ნიგერიელის წლიურ ხელფასს (20 მილიონი ევრო) და მოსალოდნელ სატრანსფერო ფასს (დაახლოებით 150 მილიონი ევრო) პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ძვირად მიიჩნევს.

ოსიმენის დამატებას საუდის არაბეთის „ალ აჰლი“ გასული ზაფხულიდან ცდილობს, მაგრამ ფეხბურთელისთვის იქ თამაში პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ნიგერიელი კვლავ ძლიერ ევროპულ ლიგაში თამაშზე ფიქრობს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

27 წლის თავდამსხმელმა თურქეთის სუპერლიგაში „გალათასარაის“ მაისურით უკვე 10 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის რვა მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლია.

ასეთი შედეგიანობიდან გამომდინარე, გავრცელდა ცნობები, რომ ოსიმენის ტრანსფერით გრანდები დაინტერესდნენ – მათ შორის, პსჟ. ასევე საუბარია „ბაიერნში“ გადასვლაზეც – მიუნხენში ნიგერიელ ფორვარდს სამომავლოდ ჰარი კეინის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ.