2021 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $1.2 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

საერთაშორისო ვიზიტორი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის სწრაფ ტემპზე აცხადებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურებიდან პანდემიიდან მეორე წელს 1,245 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით აღდგენილია შემოსავლების 38%-ით, თუმცა დეკემბერში აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7%-ი პროცენტით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა.