1768300180
200 მლრდ დოლარის ფინანსური იმპერია - რა ქონებას ფლობს აიათოლა ხამენეი
ირანის უზენაესი ლიდერი და ცნობილი შიიტი სასულიერო პირი, ალი ხამენეი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისლამურ რესპუბლიკაზე უპრეცედენტო ავტორიტეტს ფლობს.
BBN TIMES მისი პირადი ქონების შესახებ წერს, რაც საჯაროდ არ დასტურდება, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ფართოდ ვრცელდება.
კერძოდ, ალი ხამენეი უზარმაზარ ფინანსურ იმპერიას მართავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 95-დან 200 მლრდ დოლარამდე შეადგენს. ის ამას ისეთი ორგანიზაციის მეშვეობით აკეთებს, როგორიც იმამის ბრძანებების აღსრულების შტაბი Setad-ია და რომელიც ჩამორთმეულ ქონებაზე, ინვესტიციებსა და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ აქტივებზე არის დაფუძნებული.
კერძოდ, Reuters-ის 2013 წლის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად, ხამენეის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი Setad-ის ფონდი უზარმაზარ უძრავ ქონებას, ფინანსურ აქტივებსა და შაჰის ეპოქისა თუ სხვა დროის ჩამორთმეულ ქონებას განკარგავს, რომლის ღირებულებაც მაშინ, მინიმუმ, 95 მლრდ დოლარს შეადგენდა. თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ეს თანხა ამჟამად 200 მლრდ დოლარს მიუახლოვდა.
შედარებისთვის: 1979 წელს, შაჰის თანამდებობიდან მოჰამედ რეზა ფეჰლევის გადყენების დროს შაჰის მნიშვნელოვანი პირადი აქტივი სააქციო საკონტროლო წილებს შემდეგ კომპანიებში მოიცავდა:
- 17 ბანკი
- ირანის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის 80%
- ლითონის მწარმოებელი 25 კომპანია
- სამთომომპოვებელი 8 საწარმო
- ირანული ცემენტის უმსხვილესი კომპანიის 25%
- 45 სამშენებლო კომპანია
- საკვები პროდუქტების მწარმოებელი 43 კომპანია
- საკუთრების წილი ირანის ყველა მსხვილ სასტუმროში, რომლებშიც ქვეყნის სასტუმრო ნომრების 70% შაჰს პირადად ეკუთვნოდა
- General Motors Iran-ის 10%
ამდენად, 1989 წლის აპრილში, მაშინდელ აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ დაფუძნებულ კორპორატიულ ერთეულ Setad-ს მიეცა უფლებამოსილება, შაჰისთვის ჩამორთმეულ ყველა აქტივზე საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო. Setad-ის შექმნიდან ორი თვის შემდეგ, 1989 წლის 3 ივნისს, 86 წლის ასაკში რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა და ის მალევე მისმა ყოფილმა სტუდენტმა, ალი ხამენეიმ შეცვალა.
2018 წელს, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეომ Setad ხამენეის “პირად არაოფიციალურ ჰეჯ-ფონდად“ მოიხსენია.
Setad-ის “იმპერია” რეჟიმის პრიორიტეტებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურასა და სესხებს პარლამენტისგან დამოუკიდებლად აფინანსებს და პოლიტიკურ კონტროლს, ასევე, ელიტის გამდიდრებას ემსახურება.

ალი ხამენეის კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და უკანონო საქმიანობაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, თუმცა დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც მის პირდაპირ პირად ფუფუნებას აჩვენებს, ჯერ არ არსებობს. ხამენეი თეირანის უბრალო რეზიდენციაში სპარტანული, ანუ მკაცრი წესით ცხოვრებით მოკრძალებას ავლენს. მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, ვაჟ მოჯტაბუს სიმდიდრის შესახებ, ასევე, ცალკეულ ბრალდებებს უყენებენ, რაც, ძირითადად, სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს უკავშირდება. ირანის ეკონომიკური პრობლემების ფონზე Setad-ის გაუმჭვირვალობასა და მის საქმიანობაზე ქვეყანაში და საზღვარგარეთაც სერიოზული დისკუსიაა.
COVID-19-ის პანდემიის დროს Setad-ის გავლენა ჯანდაცვაზეც გავრცელდა და ირანში პირველი ადგილობრივი ვაქცინა, COVIran Barekat გამოუშვა. მაშინ ხამენეიმ, ჯანდაცვის მხარდაჭერისა და ირანის ცხოვრებაში Setad-ის როლის დემონსტრირების მიზნით, ირანული ვაქცინა სიმბოლურად პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
ცნობისთვის: ალი ხამენეის, როგორც ირანის უზენაეს ლიდერს, სამხედრო, სასამართლო, მედია და საგარეო პოლიტიკაზე აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ის ნიშნავს ძირითად ფიგურებს და კონტროლის შესანარჩუნებლად ინსტიტუტებში ერევა.
ცნობისათვის, უკვე მესამე კვირაა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება. ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მძიმდება მდგომარეობა, პროტესტი გრძელდება, ირანის ისლამისტური რეჟიმის რეპრესიები კი სულ უფრო სისხლიანი ხდება. სხვადასხვა მონაცემებით, აქციების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს.



