გაეროს საგანგაშო ანგარიში: მსოფლიოში კატასტროფული შიმშილის ზღვარზე მყოფთა რიცხვი 9-ჯერ გაიზარდა

მსოფლიო 1777618181
შიმშილი

მსოფლიოში კატასტროფული შიმშილის წინაშე მყოფი ადამიანების რიცხვი 2016 წლიდან ცხრაჯერ გაიზარდა, ხოლო მწვავე შიმშილის შემთხვევები გაორმაგდა. ამის შესახებ სურსათის კრიზისის შესახებ გლობალურ ანგარიშში (GRFC) წერია, რომელიც გაეროს დეპარტამენტებისა და სააგენტოების, მათ შორის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მომზადდა. ანგარიშს სააგენტო, Anadolu ავრცელებს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მწვავე შიმშილის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო 2025 წელს, ანგარიშის ისტორიაში პირველად, კატასტროფული შიმშილის ორი შემთხვევა ერთდროულად გამოცხადდა. ეს ღაზას სექტორსა და სუდანის ზოგიერთ ნაწილში მოხდა.

სურსათის უვნებლობის ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის სისტემის (IPC) შკალით, ამ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას უმაღლესი, მეხუთე ფაზა მიენიჭა. ზოგადად მიღებული გრადაციით, მწვავე შიმშილის ხუთი ფაზა არსებობს, ხოლო მესამე ფაზიდან სიტუაცია ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

10 ქვეყანა, კერძოდ, ავღანეთი, ბანგლადეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მიანმარი, ნიგერია, პაკისტანი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია და იემენი მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს შეადგენს, რომელიც მწვავე შიმშილის მაღალი დონის წინაშე დგას.

ავღანეთში, სამხრეთ სუდანში, სუდანსა და იემენში ყველაზე დიდი სასურსათო კრიზისი დაფიქსირდა, რაც იზომება როგორც მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე მყოფი ადამიანების პროპორციით, ასევე, აბსოლუტური რაოდენობით.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს 47 ქვეყანაში/ტერიტორიაზე მწვავე სასურსათო უკმარისობის მაღალი დონე სულ 266 მილიონმა ადამიანმა განიცადა, რაც გაანალიზებული მოსახლეობის, თითქმის, 23%-ს შეადგენს. ეს 2016 წელს დაფიქსირებულ პროპორციაზე, თითქმის, ორჯერ მეტია.

„უკიდურესად არასრულფასოვანი კვება კვლავ კრიტიკულ და მზარდ პრობლემად რჩება. მხოლოდ 2025 წელს მწვავე არასრულფასოვანი კვებისგან 35.5 მლნ ბავშვი იტანჯებოდა. აქედან, თითქმის, 10 მლნ ბავშვი არასრულფასოვანი კვების მძიმე ფორმას განიცდიდა,“ - წერია ანგარიშში.

BPN