ირანმა ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის, ინდოეთისთვის და ჩინეთისთვის გახსნა

მსოფლიო 1774521770
ჰორმუზის სრუტე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ ირანმა მეგობარი ქვეყნების გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა. მან ამ ქვეყნებს შორის რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი დაასახელა.

„ჩვენ რამდენიმე ქვეყანას, რომლებსაც მეგობრულად მივიჩნევთ, ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მივეცით: მაგალითად, რუსეთს, ინდოეთს, ერაყს, ჩინეთს და პაკისტანს. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს სრუტის გამოყენების უფლება მივცეთ“, - განაცხადა არაღჩიმ, საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით.

ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვების მთავარი მარშრუტია. ირანმა სრუტე ყველა გემისთვის გადაკეტა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ირანი თავს ესხმის ტანკერებს, რომლებიც საზღვაო ზოლში გავლას ცდილობდნენ.