1756277594
„ლაბუბუ-მანია“: რატომ გახდა ჩინური სათამაშო მონსტრი ასეთი პოპულარული

ყველგან ლაპარაკობენ უჩვეულო სათამაშო „ლაბუბუზე“, რომლის 300-ზე მეტი მოდელი არსებობს. ლონდონში, შანხაიში და ბერლინში რიგები დგას ხუთ წელზე მეტი ხნის წინ შექმნილი მონსტრის საყიდლად. მას ამაყად ატარებენ რიანა, დუა ლიპა და სხვა ვარსკვლავები.
საინტერესოა როგორ დაიწყო „ლაბუბუ“-მანია, რამდენს გამოიმუშავებს მისი მწარმოებელი?
საიდან გაჩნდა „ლაბუბუ“?
„ლაბუბუ“ ფუმფულა პატარა ელფია ბასრი კბილებითა და იდუმალი ღიმილით.
„ისინი ყველანი მდედრობითი სქესის არიან, კეთილები, მაგრამ ხანდახან უსიამოვნებებში ვარდებიან“, - ამბობს მწარმოებელი კომპანია Pop Mart.
მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოებმა მსოფლიო პოპულარობა 2024-2025 წლებში მოიპოვა, მათი პროტოტიპი მხატვარმა კასინგ ლუნგმა 2015 წელს შექმნა. ჰონგ-კონგში დაბადებულმა ლუნგმა ბავშვობა ნიდერლანდებში გაატარა. ის სკანდინავიური მითოლოგიით იყო შთაგონებული და შექმნა ლაბუბუსი, რომელიც პირველად საბავშვო წიგნების სერიის პერსონაჟი გახდა.
ავტორმა მარტივი „ლეგენდა“ მოიფიქრა: ლაბუბუები ტყის ელფები არიან, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში არსებობენ და ისინი ყველა მდედრობითი სქესის არიან. როგორც მხატვარი განმარტავს, სიტყვა „ლაბუბუ“ არაფერს ნიშნავს.
2019 წელს, ლუნგმა ჩინური სათამაშოების საცალო ვაჭრობის კომპანია Pop Mart-თან პარტნიორობა გააფორმა და წიგნებიდან აღებული ელფები აქსესუარებად აქცია.
პირველი მოდელები Monsters სერიით გამოვიდა. მას შემდეგ კომპანიამ გამოუშვა კიდევ რამდენიმე პოპულარული სერია: Have A Seat, Big Into Energy და Exciting Macaron. თითოეული განსხვავებულია.
ბრენდს თავისი სამყაროდან სხვა პერსონაჟებიც ჰყავს: Zimomo, Tycoco და Mokoko.
„ლაბუბუ-მანია“ - რატომ გახდა ჩინური სათამაშო მონსტრი ასეთი პოპულარული
ვინ ყიდის ლაბუბუს?
კომპანია Pop Mart-ი, რომელიც აწარმოებს და ყიდის ლაბუბუს, 23 წლის ვანგ ნინგმა 2010 წელს დააარსა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში რეკლამირებას სწავლობდა, როდესაც საცალო ვაჭრობისადმი მიდრეკილება გამოავლინა და თანაკლასელებს აქსესუარები მიჰყიდა.
მალევე ნინგმა პირველი სათამაშოების მაღაზია გახსნა, ხოლო 2016 წელს ონლაინ პლატფორმაც გაუშვა. კომპანია რეგულარულად თანამშრომლობდა მხატვრებთან სხვადასხვა ახალი სათამაშოებისა და ფიგურების შესაქმნელად, მაგრამ ნამდვილი ჯეკპოტი „ლაბუბუს“ გარიგება იყო.
ახალმა სათამაშოებმა წარმატება მოიპოვა ჩინეთის ბაზარზე. ერთი წლის შემდეგ, Pop Mart-ი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 6.9 მილიარდი დოლარის შეფასებით შევიდა.
ამჟამად კომპანია მთელ მსოფლიოში 2000-ზე მეტ სავაჭრო აპარატს და 500-ზე მეტ მაღაზიას მართავს. „ლაბუბუს“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, კომპანიის აქციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500%-ზე მეტით გაიზარდა.
companiesmarketcap-ის მონაცემებით, Pop Mart International Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 47.81 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის მსოფლიოში 476-ე ყველაზე ღირებული კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში მისი საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 15.30 მლრდ დოლარი იყო. მისი დამფუძნებლის ქონება კი 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ლაბუბუს თაყვანისმცემლებს შორის არიან ძალიან ცნობილი ვარსკვლავები, ინფლუენსერები, კოლექციონერები და სხვა. მყიდველები მათ შესაძენად რიგში საათობით დგანან.
ზოგიერთი იშვიათი მოდელი ასობით და ათასობით დოლარადაც კი იყიდება.
პატარა მონსტრის გაყიდვებიდან Pop Mart-ი კარგ შემოსავალს იღებს. 2024 წელს კომპანიის გლობალურმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 423 მილიონი დოლარი ლაბუბუს გაყიდვებიდან მოდიოდა - ეს არის 729%-იანი ზრდა 2023 წელთან შედარებით.
2025 წლის ბოლოსთვის კომპანია მოგების 350%-ით გაზრდას ელის. ანალიტიკური კომპანია „M Science“-ის შეფასებით, ივნისში, „ლაბუბუს“ გაყიდვები აშშ-ში 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5000%-ით გაიზარდა.
გლობალური აღიარების გზა
სანამ მსოფლიო „ლაბუბუს“ აღმოაჩენდა, ბრენდის პოპულარობა თავდაპირველად ჩინეთით შემოიფარგლებოდა. სათამაშოები ჩინეთში ვირუსულად გავრცელდა 2022 წლის ბოლოს.
“პანდემიის შემდეგ, ბევრ ჩინელს სურდა ემოციურად გაქცეულიყო ნაცრისფერ ყოველდღიურ ცხოვრებას. შემდეგ კი გამოჩნდა „ლაბუბუ - უჩვეულო, ქაოტური პერსონაჟი, რომელიც ანტიპერფექციონიზმს განასახიერებდა“, - განმარტა კვლევითმა კომპანია ChoZan-მა.
„ლაბუბუ“ ჩინეთში სწრაფად გახდა პოპულარული, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა. ხელმისაწვდომმა ფასმა კი ხელი შეუწყო მის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას. მაგალითად, კანადაში ფასი 25-დან 70 დოლარამდე მერყეობდა და მისაღებ ფასად ითვლებოდა.
„ლაბუბუს“ პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა პოპულარული K-pop ჯგუფის Blackpink-ის ტაილანდელმა მომღერალმა ლიზამ. 2024 წელს მან Instagram-ზე დაიწყო სათამაშოს სხვადასხვა მოდელისა და გასაღების სამაგრების ფოტოების გამოქვეყნება. შედეგად, მის ყველა გულშემატკივარს სურდა იგივე სათამაშო ჰქონოდა. შემდეგ კი ეს ტრენდად აქციეს სხვა ვარსკვლავებმა.
თებერვალში, ჩანთაზე ჩამოკიდებული სათამაშოთი მომღერალი რიანა შენიშნეს. მოგვიანებით, ინფლუენსერმა კიმ კარდაშიანმა თავისი თოჯინების კოლექცია გააზიარა მიმდევრებისთვის, ხოლო მაისში ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი შეუერთდა „ლაბუბუს“ ფლეშმობს.
დროთა განმავლობაში, სათამაშოები იმდენად პოპულარული გახდა აშშ-ში, რომ ივნისში ნიუ-იორკის პარკში ერთგვარი მოდის ჩვენება გაიმართა: „ლაბუბუს“ გულშემატკივრები პატარა სათამაშო მონსტრებით დადიოდნენ, რომლებიც ჩანთებზე, ზურგჩანთებზე, ქამრებსა და ძაღლის აქსესუარებზეც კი იყო მიმაგრებული.
„ლაბუბუს“ ზოგიერთი ვერსია მალევე იყიდება და კოლექციონერები საათობით დგანან რიგში. ავსტრალიაში მყიდველები დილის 3 საათზე იღვიძებდნენ ახალი პროდუქტების შესახვედრად, ხოლო ლოს-ანჯელესში მაღაზია გაძარცვეს და 30 000 დოლარის ღირებულების სათამაშოები მოიპარეს.
„ლაბუბუ“ „ლაფუფუს“ წინააღმდეგ: ყალბი სათამაშოების პრობლემა
“ლაბუბუზე“ მაღალმა მოთხოვნამ მათი ყალბი ორეულების დამზადება და გავრცელება გამოიწვია. ფეიკ „ლაბუბუს“, მედიასა და სოციალურ ქსელებში „ლაფუფუს“ უწოდებენ.
Chartered Trading Standards Institute-მა ამის შესახებ განცხადებაც კი გამოაქვეყნდა სადაც აღნიშნლია, რომ ყალბი „ლაფუფუ“ ბავშვებისთვის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
„ბევრი ყალბი ასლი შეიცავს პატარა ნაწილებს, რომლებიც მარტივად წყდება და ბავშვებისთვის დახრჩობის საფრთხეს წარმოადგენს. სათამაშოები შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, მავნე საღებავებს ან აკრძალულ პლასტიფიკატორებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორ გავარკვიოთ ნამდვილია თუ არა თოჯინა?
ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებაა ჰოლოგრაფიული სტიკერი და QR კოდი, რომელიც Pop Mart-ის ვებსაიტზე გადაგიყვანთ. CTSI აღნიშნავს, რომ ყალბ პროდუქტებზე QR კოდები ხშირად ბუნდოვანია ან ყალბ საიტებზე გადაგიყვანთ.
ზოგიერთი ყალბი პროდუქტი იმდენად ჰგავს რეალურს, რომ Pop Mart-მა თავის ოფიციალურ ვერსიებს უხილავი შტამპი დაუმატა, რომლის დანახვაც მხოლოდ ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი ნიშანი კბილების რაოდენობაა. ნამდვილ თოჯინებს ცხრა კბილი აქვთ, ხოლო ყალბებს შეიძლება განსხვავებული რაოდენობა ჰქონდეთ.
ჩინეთის „რბილი ძალა“
პეკინი კმაყოფილია შედეგით. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ დაწერა, რომ ბრენდი „ჩინური კრეატიულობის, ხარისხისა და კულტურის მიმზიდველობას მთელ მსოფლიოს მარტივ ენაზე აჩვენებს“ და საშუალებას აძლევს ადამიანს დაინახოს „მაგარი ჩინეთი“.
„BYD-სა და „ლაბუბუს“ ერთი საინტერესო რამ აქვთ საერთო. ისინი კარგები არიან მარკეტინგისა და ხარისხის თვალსაზრისით. მათი იგნორირება შეუძლებელია“, - განაცხადა საკონსულტაციო ფირმა iMpact-ის დირექტორმა, კრის პერეირამ.
წყარო: epravda.com.ua