ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვთ - Visual Capitalist-ის მიმოხილვა

მსოფლიო • 1793427240
ჩინეთი

პაკისტანში მდებარე ელექტროსადგურებიდან დაწყებული, აღმოსავლეთ აფრიკის რკინიგზით დამთავრებული - ჩინურმა სესხებმა განვითარებადი სამყაროს მასშტაბით უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას შეუწყო ხელი. თუმცა, ამ ინვესტიციებმა რიგი ქვეყნები სერიოზული ფინანსური ვალდებულებების წინაშე დააყენა, რამაც ვალის მდგრადობასა და ჩინეთზე ფინანსურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

Visual Capitalist მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ვალის სტატისტიკის (International Debt Statistics) მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც ჩინელი კრედიტორების წინაშე ყველაზე მაღალი საგარეო ვალი (გრძელვადიანი სახელმწიფო და სახელმწიფო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალი) ერიცხებათ.

„ყველა ამინდის სტრატეგიული პარტნიორები“

რეიტინგს სათავეში პაკისტანი უდგას, რომლის ვალი ჩინელი კრედიტორების მიმართ 22.38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 8 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ანგოლას მაჩვენებელს. სამხრეთ აზიის ამ ქვეყანას პეკინთან ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. აქედან გამომდინარე, მხარეები თავიანთ ურთიერთობას „ყველა ამინდის სტრატეგიულ პარტნიორობას“ უწოდებენ. ჩინურმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო მსხვილ ინვესტიციებს პაკისტანის ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში.

როგორც უკვე აღინიშნა, მეორე ადგილზეა ანგოლა 14.4 მილიარდი აშშ დოლარით. პეკინსა და ანგოლას შორის ფინანსური ურთიერთობები ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პერიოდში გაღრმავდა, რაც 2004 წელს 2-მილიარდიანი საკრედიტო ხაზით დაიწყო და ქვეყნის აღდგენის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა.

10 ქვეყანა, რომელსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვს

უფრო კონკრეტულად კი, Visual Capitalist-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი ჩინური ვალის მქონე 10 ქვეყანის ჩამონათალი ასეთია:

  • პაკისტანი - 22.38 მლრდ აშშ დოლარი;
  • ანგოლა - 14.40 მლრდ აშშ დოლარი;
  • შრი-ლანკა - 8.69 მლრდ აშშ დოლარი;
  • ეთიოპია - 7.44 მლრდ აშშ დოლარი;
  • ბანგლადეში - 6.63 მლრდ აშშ დოლარი;
  • ეგვიპტე - 5.91 მლრდ აშშ დოლარი;
  • კენია - 5.37 მლრდ აშშ დოლარი;
  • ზამბია - 5.33 მლრდ აშშ დოლარი;
  • ნიგერია - 5.32 მლრდ აშშ დოლარი;
  • ლაოსი - 5.31 მლრდ აშშ დოლარი.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, კენიის 5.37 მილიარდი დოლარის ვალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ საით მიემართება ეს დაფინანსება. ჩინურმა სესხებმა დაფარა მომბასა-ნაირობის რკინიგზის მშენებლობის ღირებულების დაახლოებით 90%, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქი მთავარ საზღვაო პორტთან დააკავშირა.

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტები შემოსავალს თვითონ ჩინურ კომპანიებსაც უგენერირებს. ჩინურმა კონტრაქტორებმა ააშენეს როგორც კენიის, ისე ადის-აბება-ჯიბუტის რკინიგზა, სადაც ჩინური ფირმები აღჭურვილობის მიწოდებასა და ექსპლუატაციაშიც იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, დაკრედიტება ხელს უწყობს საზღვარგარეთ ჩინურ საინჟინრო მომსახურებასა და ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდას.

ეკონომიკური დერეფანი და გადავადებული ვალები

ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი (CPEC) აერთიანებს ელექტროსადგურებს, გადამცემ ხაზებსა და სატრანსპორტო პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირებასა და კავშირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დასრულებულმა პროექტებმა პაკისტანის ენერგოსისტემას 8 900 მეგავატზე მეტი სიმძლავრე დაამატა, ხოლო 900 კილომეტრზე მეტი მაგისტრალი და ავტომაგისტრალი აშენდა.

ამასთან, ფინანსური ურთიერთობა არსებული ვალების მართვაზეც ვრცელდება. ჩინეთმა პაკისტანს 2 მილიარდი აშშ დოლარის სესხის დაფარვის ვადა კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა, რამაც ისლამაბადს ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამაზე მუშაობისას სოლიდური გადასახადის გადავადების საშუალება მისცა.

„ვალის ხაფანგის დიპლომატია?"

როგორც Visual Capitalist-ი წერს, სოლიდურმა ვალებმა გააჩინა ეჭვები ზოგიერთი ქვეყნის მიერ ჩინელი კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულების უნართან დაკავშირებით. მაგალითად, კონგოს რესპუბლიკას 2.97 მილიარდი დოლარი მართებს, რაც მისი წლიური მშპ-ის მეათედზე მეტია.

პუბლიკაციის მიხედვით, ჩინეთის დაკრედიტების პრაქტიკამ ასევე გამოიწვია ბრალდებები „ვალის ხაფანგის დიპლომატიასთან“ დაკავშირებით - კონცეფცია გულისხმობს, რომ მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა სესხებმა შესაძლოა შექმნას ფინანსური დამოკიდებულება ან სტრატეგიული ბერკეტი. შრი-ლანკა, რომელსაც ჩინელი კრედიტორების წინაშე 8.69 მილიარდი დოლარის ვალი აქვს, ამ დებატებში ხშირად სახელდება ჰამბანტოტას პორტის პროექტის გამო. თუმცა, ჩინური სესხების ეს ინტერპრეტაცია სადავოა და მკვლევრები ყურადღებას მსესხებელი ქვეყნების ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებენ.