ცეცხლის შეწყვეტას მხარს ვუჭერ, “თუმცა არის ნიუანსები” - პუტინი

მსოფლიო 1741934802
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის თანახმაა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ის ამბობს, რომ ამან “გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის მთავარი მიზეზების გადაჭრამდე უნდა მიგვიყვანოს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“იდეა თავისთავად სწორია მაგრამ არის საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ ამერიკელ კოლეგებთან და ალბათ ტრამპთან ტელეფონით”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ მისი თქმით, არის „ნიუანსები“, საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული.

“ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2,000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაჰბრალდება? ვის დაჰბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით [გადაჭრას], თავად იდეას მხარს ვუჭერთ”, - განაცხადა პუტინმა.

11 მარტს საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას. 13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ 2014 წელს დონბასში ჰიბრიდული თავდასხმითა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიით, მოგვიანებით კი სრულმასშტაბიანი აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ.