AirBaltic უკრაინაში ფრენების აღსადგენად მზად არის

AirBaltic

ავიაკომპანია AirBaltic-ის მენეჯმენტი უკრაინაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ელოდება და ბაზარზე დასაბრუნებლად მზად არის. ინფორმაციას epravda უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტრომ განცხადება ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის ამჟამინდელი მდგომარეობა, უკრაინელი სპეციალისტების მხარდაჭერისა და მომზადების შესაძლებლობები და „რისკების შეფასების“ დოკუმენტის ანალიზი იყო.

ეს დოკუმენტი გასული წლის ბოლოს სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა, განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო საწარმო „უკრაერორუხმა“ და სამხედროებმა ერთობლივად მოამზადეს. დოკუმენტი საჰაერო სივრცის ნაწილობრივ გახსნისას ძირითად საფრთხეებსა და მათი მინიმიზაციისთვის აუცილებელ ზომებს განსაზღვრავს.

AirBaltic-მა დაადასტურა მზადყოფნა თავის ქსელში კიევისა და ლვოვის მარშრუტების რეინტეგრირების შესახებ, როგორც კი საჰაერო სივრცე გაიხსნება და ყველა საჭირო დადასტურება იქნება მიღებული. ავიაკომპანია, ასევე, კავშირის გაფართოებას რიგის მიღმა გეგმავს, რომ კიევი ბალტიისპირეთის სხვა დედაქალაქებს, ტალინსა და ვილნიუსს დაუკავშიროს.

AirBaltic-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მარტინ გაუსის განცხადებით, ავიაკომპანიას აქვს თანმიმდევრული გეგმა და იცავს იმ ვალდებულებას, რომ უკრაინაში პირველები დაბრუნდნენ, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება.

„კიევში ჩვენი მეორე ვიზიტის შემდეგ მზადება ჩვენი დაბრუნებისთვის აქტიურად მიმდინარეობს,“ - აცხადებს გაუსი.

AirBaltic (Air Baltic Corporation AS) ბალტიისპირეთის ქვეყნებში წამყვანი ავიაკომპანია და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული გადამზიდავია.

ცნობისთვის, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანიები, Wizz Air და Ryanair მზად არიან, უკრაინაში ფრენები ცეცხლის შეწყვეტიდან 6 კვირაში აღადგინონ. უნგრული Wizz Air, დაახლოებით, 30 შემავალი მარშრუტით აღდგენას ისახავს მიზნად და “ბორისპოლის” აეროპორტში აუდიტის ჩასატარებლად კიევში ავიაკომპანიის დელეგაციის ვიზიტიც დაიგეგმა. ირლანდიური Ryanair ამზადებს გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემს, უკრაინაში ფრენები რუსეთთან ომის შეჩერებიდან ოთხიდან ექვს კვირაში განაახლოს. ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეს წელს მოხდება. Ryanair კიევსა და ლვოვში, დაახლოებით, 24 მარშრუტის გახსნას გეგმავს.