ვინ არის მამაკაცი, რომელმაც მთვარის გაყიდვით მილიონები იშოვა

მსოფლიო 1775281620
მთვარე

სტატიაში მოგიყვებით უცნაურ ბიზნესის ისტორიას, რომელმაც კალიფორნიელ ავტომობილების ყოფილ მოვაჭრეს 12 მილიონი დოლარი მოუტანა.

კალიფორნიაში მცხოვრებმა, მეორადი ავტომობილების მოვაჭრემ დენის ჰოუპმა, 1980 წლის ერთ მშვენიერ დღეს მთვარის მფლობელობაზე პრეტენზია განაცხადა. მას შემდეგ ის ამტკიცებს, რომ დაახლოებით 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა მთვარის ზედაპირის „გაყიდვით“.

უძრავი ქონების გენიოსი თუ საზრიანი თაღლითი?

დღემდე აქტუალურია კითხვა: არის თუ არა ჰოუპი უძრავი ქონების გენიოსი თუ საზრიანი თაღლითი? მისი ისტორია დაუჯერებელია და საზოგადოებას თავად უტოვებს გადაწყვეტილების უფლებას. თუმცა ფაქტი ერთია - საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ ბიზნეს-ინოვაციასთან.

ჰოუპი ამტკიცებს, რომ მის საქმიანობას გარკვეული სამართლებრივი საფუძველი გააჩნია და უფრო მეტიც, ის მიწებს სხვა პლანეტებზეც „ყიდის“.

სამართლებრივი საფუძველი

ჰოუპი ამტკიცებს, რომ მის ბიზნესს აქვს გარკვეული იურიდიული არგუმენტაცია. კერძოდ, საუბარია 1967 წლის გაეროს კოსმოსური ხელშეკრულებაის მეორე მუხლზე, რომელშიც ნათქვამია: „კოსმოსი, მათ შორის მთვარე და სხვა ციური სხეულები, არ ექვემდებარება ეროვნულ მითვისებას სუვერენიტეტის პრეტენზიით, ოკუპაციით ან სხვა რაიმე საშუალებით“.

შედეგად ჰოუპმა აღმოაჩინა, რომ ხელშეკრულების II მუხლი კრძალავს კოსმოსური სხეულების “მითვისებას“ სახელმწიფოების მიერ, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი კერძო პირებზე. ერთ დღეს, ფანჯრიდან ყურებისას მთვარე დაინახა და გადაწყვიტა, მოეძებნა გზა, თუ როგორ შეიძლებოდა ციური სხეულის ფლობა.

ბიზნესმენმა სამართლებრივი ხარვეზით ისარგებლა, ოფიციალურად წარადგინა განაცხადი მთვარისა და მზის სისტემის სხვა რვა პლანეტის მფლობელობაზე. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მან შეძლო თავისი პრეტენზიის რეგისტრაცია აშშ-ის სამთავრობო ოფისში. ასევე გაუგზავნა შეტყობინება გაეროსა და საბჭოთა კავშირის მთავრობას, თუმცა პასუხი არ მიუღია, რაც „მდუმარე თანხმობად“ მიიჩნია და გაყიდვებიც დაიწყო...

Lunar Embassy და MoonShop

ჰოუპმა დააპატენტა ტერმინი „Lunar Embassy“ (მთვარის საელჩო) და შექმნა ვებგვერდი MoonShop. 1995 წლისთვის ბიზნესი იმდენად მომგებიანი გახდა, რომ მან თავის ძირითად სამსახურს თავი დაანება.

დღეისათვის ჰოუპს ნაკვეთების გაყიდვით დაახლოებით 12 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.

მას მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს. მათ შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები (ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, ნიკოლ კიდმანი) და აშშ-ის სამი ყოფილი პრეზიდენტი (ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში).

მთვარეზე ტერიტორიები უკვე შეიძინა 1,800-ზე მეტმა მსხვილმა კორპორაციამ, მათ შორის სასტუმროების ქსელებმა Hilton-მა და Marriott-მა.

როგორც ირკვევა მთვარეზე დაახლოებით 0.4 ჰექტარის მიწა 34.99 დოლარი ღირს. ჰოუპი ასევე ყიდის პლანეტა პლუტონს სრულად, 250,000 დოლარად.

2004 წელს ჰოუპმა დააფუძნა „გალაქტიკური მთავრობა“, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია და ვალუტა გააჩნია. ვალუტა გამყარებულია მთვარის ჰელიუმის მარაგებით, რომლის ღირებულებასაც ის 6 კვადრილიონ დოლარად აფასებს. ჰოუპი გეგმავს მთვარეზე პირამიდული ქალაქის აშენებას, რომელიც 70,000 ადამიანს დაიტევს.

წყარო: lovemoney