1771837200
ვინ იყო ბიზნესმენი, რომელიც ცუდი ხასიათის გამო საკუთარი კომპანიიდან გაათავისუფლეს
ედვინ ლენდს ხშირად უწოდებენ „ორიგინალ სტივ ჯობსს“, რადგან ჯობსის მსგავსად, ისიც მარკეტინგის დიდოსტატი იყო და ქმნიდა პროდუქტებს, რომელთა საჭიროებაზეც მომხმარებელს მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდა.
ედვინ ლენდი 17 წლის ასაკში ჰარვარდის უნივერსიტეტში ქიმიას სწავლობდა. ერთი წლის შემდეგ მან სწავლა მიატოვა, რადგან სასწავლო პროგრამა მოსაწყენად მიიჩნია. პარტნიორთან ერთად ბიზნესი წამოიწყო, რომელიც მალე გიგანტურ ტექნოლოგიურ საწარმოდ იქცა. ლენდი მარკეტინგის დიდოსტატი იყო: ის ქმნიდა პროდუქტებს, რომელთა საჭიროებაზე მომხმარებელმა მანამდე არაფერი იცოდა. მისი სიკვდილის დროს კი 500-ზე მეტ პატენტს ფლობდა.

Polaroid-ის დაბადება
ნიუ-იორკში, ერთ-ერთი კვლევებისას ედვინმა აღმოაჩინა, რომ მილიონობით მიკროსკოპული კრისტალის გამჭვირვალე პლასტმასში მოთავსებით პოლარიზაციული ეფექტის მიღება შეიძლებოდა. 1929 წელს მან დააპატენტა "Polaroid Film". 1937 წელს კი ოფიციალურად დაფუძნდა კორპორაცია Polaroid.
1943 წელს, შვებულების დროს, ლენდმა თავის 3 წლის ქალიშვილს, ჯენიფერს ფოტო გადაუღო. ბავშვმა იკითხა, თუ რატომ არ შეეძლო ფოტოს ნახვა გადაღებისთანავე. იმ დროს გამომგონებელს მომენტალურად დაებადა იდეა - შეექმნა ფოტოაპარატი, რომელიც სურათს მყისიერად გვაძლევდა.
წარმატების ფასი
18 დღე ერთი და იგივე ტანსაცმლით ლენდი რთულ და დაუღალავ კვლევებს აწარმოებდა. ხოლო იმის გამო, რომ ჭამა ავიწყდებოდა, საკვები თანამშრომლებს მიჰქონდათ და ამისთვის მორიგეობაც კი იყო დაწესებული.
შედეგად, 1948 წელს ბაზარზე გამოჩნდა პირველი კამერა - Model 95. მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მაშინდელ 89.95 დოლარი ღირდა (დღევანდელი კურსით 970 დოლარი), პირველივე დღეს ყველა ეგზემპლარი გაიყიდა.

600-მილიონიანი ინვესტიცია
ლენდის კარიერის მწვერვალი SX-70 სერიის კამერა გახდა. ამ პროექტში კომპანიამ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. 1972 წელს პრეზენტაციაზე ლენდმა ჯიბიდან კამერა ამოიღო და 10 წამში 5 ფერადი ფოტო გადაიღო. ეს იყო სრულყოფილი, თვითგანვითარებადი ფოტოგრაფია ყოველგვარი ნარჩენების გარეშე.

გათავისუფლება საკუთარი კომპანიიდან
მიუხედავად ამხელა წარმატებისა, ლენდი იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ თავსაც და თანამშრომლებსაც მაქსიმუმს სთხოვდა. ის იშვიათად უსმენდა სხვების რჩევებს, რაც დიდ კომპანიაში მართვის მხრივ სირთულეებს ქმნიდა.
საბოლოოდ, ედვარდი იმავე ფირმიდან გაათავისუფლეს, რომელიც თავად ააშენა.
მედიის ინფორმაციით, ედვინ ლენდი 1991 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყო, მან სიცოცხლის განმავლობაში თავისი ქონების დიდი ნაწილი და აქციები ქველმოქმედებასა და სამეცნიერო ფონდებს გადასცა.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კომპანიამ 2001 და 2008 წლებში თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ბრენდმა რამდენიმე მფლობელი შეიცვალა. 2017 წლიდან Polaroid-ის ბრენდსა და ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს პოლონელი ინვესტორი ოსკარ სმოლოკოვსკი. მანამდე ბიზნესმენმა შეიძინა "The Impossible Project", რომელიც Polaroid-ის ფირებს აწარმოებდა, და საბოლოოდ ორივე კომპანია ერთიანი Polaroid-ის ბრენდის ქვეშ გააერთიანა.
წყარო BPN



