• Ƀ/$

მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა „ტაქსი ტესტი“ გაიარა

8 მარტი 14:54, 2018 წელი | ტექნოლოგიები

გიგანტურმა ორფიუზელაჟიანმა თვითმფრინავმა, სახელად „სტრატოლანჩ“, რომლის ფრთაშლილობაც 117 მეტრია, მოხავეს (კალიფორნია) უდაბნოში არსებულ ასაფრენ ზოლზე, ეგრეთ წოდებული „ტაქსი ტესტი“ შეასრულა.

თვითმფრინავმა ტესტის დროს 74 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ეს აუცილებელი ტესტია თვითმფრინავისთვის, რომელიც გარე ძალისგან დაუხმარებლად გადაადგილებას „სწავლობს“.


„სტრატოლანჩი“ არის სასტარტო პლატფორმა კოსმოსური მრავალჯერადი ხომალდებისთვის, რომლებმაც კოსმოსში ტურისტული და სატრანსპორტო ფრენები უნდა შეასრულოს. ის კომპანია „სტრატოლანჩ სისტემზმა“ შექმნა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. გიგანტური თვითმფრინავის პირველი ფრენა 2019 წლის ბოლოს, ან 2020 წლის დასაწყისში იგეგმება.



პირველი „ტაქსტი ტესტი“ დეკემბერში ჩატარდა, როცა „სტრატოლანჩმა“ თავისი ძრავების დახმარებით, პირველად შეძლო ასაფრენ ბილიკზე გადაადგილება. მაშინ სიჩქარემ 45 კმ/სთ-ს მიაღწია. ამ ტესტებისას ინჟინრებმა მართვის სისტემების, მუხრუჭების მუშაობა შეამოწმეს და აგრეგატების მუშაობის ტელემეტრიული მონაცემები შეაგროვეს. მეორე ტესტისას სიჩქარე 74 კმ/სთ-მდე გაიზარდა.


„სტრატოლანჩი“ კომპანია „პრატ ენდ უიტნის“ წარმოების ექვსი ტურბო რეაქტიული ძრავით არის აღჭურვილი. თვითმფრინავი 226 000 კილოგრამს იწონის და ამის გარდა, 249 476 კილოგრამი ტვირთის გადატანას შეძლებს.


ამ ეტაპზე საჰაერო გიგანტის სხვა მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. როგორც კი ფრენას დაიწყებს, „სტრატოლანჩი“ მსოფლიოში უდიდესი საფრენი საშუალება გახდება.


„ჩვენ კოსმოსური ხომალდების გაშვების საშუალებათა ინდუსტრიას რადიკალურად ვცვლით“, - „სტრატოლანჩ სისტემზის“ პრეზენტაციისას განაცხადა მისმა ერთ-ერთმა თანადამაარსებელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა პოლ ალენმა. შვიდი წლის წინათ, მისი ამ სიტყვების ალბათ ბევრს არ სჯეროდა. თუმცა „სტრატოლანჩი“ თანდათან იძენს სრულყოფილებას და შორს არაა ის დრო, როცა კოსმოსში პირველი ხომალდის გაშვებაში მიიღებს მონაწილეობას.


სხვა სიახლეები