• Ƀ/$

რა ღირს „დიდი ფეხბურთის“ ბილეთები?

29 აპრილი 20:05, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მატულობს აჟიოტაჟი უდიდეს საფეხბურთო ფორუმთან დაკავშირებით. უკვე დიდი ხნის გარკვეულია ბილეთების ფასები და ბუნებრივია, რომ გაყიდვაც გამალებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 4 კატეგორიის ბილეთი დააწესა.


კონკრეტულ მატჩზე ბილეთი ან ბილეთების პაკეტი კონკრეტულ სტადიონზე (VST) 4 კატეგორიაში, რომელიმე ერთი გუნდის მონაწილეობით ბილეთების პაკეტი (TST) და ბილეთი შესაძლო მატჩებზე კონკრეტული გუნდის მონაწილეობით (CST) კი პირველიდან მესამე კატეგორიის ჩათვლით ბილეთებითაა წარმოდგენილი.


კატეგორია 1-ის ბილეთები ყველაზე ძვირადღირებულია, სტადიონზე საუკეთესო მდებარეობიდან გამომდინარე.  კატეგორია 2 და კატეგორია 3-ის ბილეთები კატეგორია 1-ის მიღმა ზონებს მოიცავს. კატეგორია 4-ის ბილეთების შეძენა კი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.


ფიფა ყოველ მატჩზე თითოეული ადგილის კატეგორიას განსაზღვრავს. ეს კი შემდეგს ნიშნავს:


1.       კონკრეტული მატჩის მნიშვნელობის მიხედვით, ბილეთის კატეგორია თითოეულ ადგილზე შეიძლება განსხვავებული იყოს.


2.       ბილეთების ნებისმიერი კატეგორია როგორც ზედა, ისე ქვედა ტრიბუნების ადგილებს შეიძლება მოიცავდნენ.


3.       ბილეთების კატეგორიზაციაზე გავლენას ვერ ახდენს მატჩის დღეს რაიმე პირობის (მაგალითად ამინდის) შეცვლა.


4.       სტადიონზე სხვადასხვა მატჩებზე სხვადასხვა კატეგორიის ზონებს შორის საზღვრები განსხვავებული იქნება. ამგვარი დიფერენცირება გულშემატკივრებისთვის მაქსიმალური რაოდენობის ბილეთებზე წვდომისთვის კეთდება.


სტადიონების სქემებზე განსაზღვრული კატეგორიის მატჩები სხვადასხვა შეფერილობით იქნება აღნიშნული.


გულშემატკივრებისთვის, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირების მაქსიმალური რაოდენობით დასწრების მიზნით, ფიფა-მ ბილეთების კატეგორიების მიხედვით შეიძლება შეცვალოს ზონების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, ფიფა კონკრეტული მატჩის მიხედვით, ცალკეული ადგილების კატეგორიზაციის ცვლილების უფლებას იტოვებს, თუმცა, გულშემატკივრის ადგილი არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდება უფრო დაბალი ფასის კატეგორიის ზონაში.


კონკრეტულ მატჩზე შეკვეთილი ბილეთები ერთსა და იმავე კატეგორიას უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა სხვადასხვა მატჩებზე შესაძლებელია განსხვავებული კატეგორიის ბილეთების შეკვეთა.



მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების ფასი 1280-დან 66 000 რუსულ რუბლამდე (50-დან 2600 ლარამდე) მიაღწევს.


გახსნის მატჩზე ბილეთების საფასური 3,200-დან 33 000 რუბლამდე (130 ლარიდან 1300 ლარამდე), ხოლო ჯგუფური ტურნირის მატჩებზე დასწრება კი 1280-დან 12 600 რუბლამდე (50 ლარიდან 500 ლარამდე) ეღირება.


ფლეი-ოფის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება, მერვედფინალური სტადიიდან მოყოლებული, ფინალის ჩათვლით, თანდათანობით მატულობს. მერვედფინალზე დასწრება 2240-დან 14 700 რუბლამდე (90–დან 590 ლარამდე), მეოთხედფინალები 3 800-დან 21 900 რუბლამდე (150–დან 880 ლარამდე), ნახევარფინალები 4480-დან 45 000 რუბლამდე (180–დან 1800 ლარამდე), მესამე ადგილისთვის მატჩის ბილეთის ღირებულება მეოთხედფინალების მსგავსად 3 800-დან 21 900 რუბლამდე (150–დან 880 ლარამდე), ხოლო ფინალზე დასასწრები მატჩის ბილეთების ღირებულება კი 7040-დან 66 000 სუსულ რუბლამდე (280–დან 2600 ლარამდე) იზრდება.


მსოფლიო ჩემპიონატს 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქი უმასპინძლებს.


ჯგუფური ეტაპის მატჩები 14-დან 28 ივნისის ჩათვლით, მერვედფინალური – 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მეოთხედფინალები 6 და 7 ივლისს, ნახევარფინალები 10 და 11 ივლისს, მესამე ადგილისთვის მატჩი 14 ივლისს, ხოლო ფინალი კი 15 ივლისს ჩატარდება.


მსგავს თემაზე:


მუნდიალი საფრთხის წინაშეა


ლევან კობიაშვილი ქართული ფეხბურთის ფინანსური და ინსტიტუციური გამოწვევების შესახებ


მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში - ბილეთები და არა მარტო


სპორტის ეკონომიკა - უსასრულობამდე მზარდი რიცხვები


სხვა სიახლეები