• Ƀ/$

Apple, მშვიდობით? ბაზრის ლიდერი შესაძლოა ისეთი კომპანია გახდეს, რომელზეც არაფერი გსმენიათ

21 აგვისტო 22:11, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანიის IBM საქმეები 1987 წელს ისე კარგად მიდიოდა, როგორც არასდროს. ეს ამერიკული კომპნია მსოფლიო კორპორაციად გარდაიქმნა რეკორდული კაპიტალიზაციით, რომელმაც პირველად გადალახა $100 მლრდ–იანი ზღვარი.

ტექნოლოგიური რევოლუციის წყალობით IBM–მა ისეთი გიგანტები ჩამოიტოვა, როგორებიცაა General Motors და US Steel.


ამ კომპანიებს საკუთარი აღზევების წლებიც ჰქონდათ: 1957 წელს GM პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებაც $10 მლრდ–ს ასცდა, ხოლო US Steel 1901 წელს პირველი კომპანია გახდა მსოფლიოში, რომლის კაპიტალიზაციამ $1 მლრდ–ს გადააჭარბა.


თუმცა, 30 წლის შემდეგ IBM თავს ისე ვეღარ იწონებს.


კომპიუტერულ სამყაროში კომპანია ჯერ კიდევ მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, მაგრამ დარგის 30 ლიდერ კომპანიათა სიაშიც ვერ ხვდება, რომელთა რეიტინგს საქმიანი ჟურნალი Fortune ადგენს.


ეს რეიტინგი პირველად 1955 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად დგინდება მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანია და მათი რანგირება ბრუნვის მოცულობების მიხედვით ხდება.


აღმაფრენა და ვარდნა


ბუნებაში სწორედ ის გადარჩება, ვინც უკეთ ადაპტირდება გარემოში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ბიზნესის სამყაროშიც ასეთ ევოლუციურ პროცესებს ხედავს.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ IBM–მა ლიდერის პოზიცია კორპორაციებს შორის მომხდარმა ბუნებრივმა გადარჩევამ განაპირობა.


ამერიკული საკონსულტაციო ფირმის Innosight მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Fortune-500–ის სიაში ყოფნის საშუალო ვადა 1964 წელს 33 წელს შეადგენდა. ხოლო 2016 წელს – მხოლოდ 24 წელს. 2027 წლისთვის ექსპერტები ამ მაჩვენებლის 12 წლამდე შემცირებას ვარაუდობენ.


ბუნებრივი გადარჩევის ტემპის დაჩქარებას ანალიტიკოსები ახალი ტექნოლოგიების ბუმს უკავშირებენ.


კარგი მაგალითია – Apple. კომპანიამ, რომელმაც პირველი iPhone 2007 წელს გამოუშვა, კაპიტალიზაციით სულ ცოტახნის წინ გადააჭარბა $1 ტრლნ–იან ზღურბლს და მსოფლიოში უმდიდრესი ფირმა გახდა.


ზემოხსენებულ რეიტინგში პირველ ადგილზე დღეს სავაჭრო ქსელი Walmart იმყოფება,  Apple კი ელვისსისწრაფით მიიწევს ზენიტში. თუ კომპანია 2005 წელს რეიტინგში 263–ე ადგილზე იყო, დღეს ის მეოთხე პოზიციას იკავებს.


თუმცა, კომპანიის სწრაფი ზრდა იგივე ტემპით ვარდნამ შეიძლება ჩაანაცვლოს.


ამერიკული საკონსალტინგო კომპანია Boston Consulting Group (BCG) მიიჩნევს, რომ აქ ცვლილებები პრაქტიკულად გარდაუვალია.


მისი პროგნოზით, ჟურნალ Fortune–ს რეიტინგში 5 წლის შემდეგ შემავალი კომპანიების 75% ისეთები იქნებიან, რომელთა შესახებ დღეს არავის არაფერი სმენია.


ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ახალი Apple“ შეიძლება ისეთი კომპანია გახდეს, რომლის შესახებაც დღეს არავინ იცის?


„კი, სავსებით შესაძლებელია. დღეს ადამიანების მცირე ჯგუფს გაცილებით მარტივად შეუძლიათ წარმატებული ბიზნესის შექმნა ინტერნეტში, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა შესაძლებელი“, – ამბობს ექსპერტი მაღალი ტექნოლოგიების საკითხებში დიონ ჰინკლიფი კომპანიიდან Constellation Research.


„ამის ნათელი მაგალითია კომპანია WhatsApp, რომელშიც 2014 წელს, როდესაც ის Facebook–მა $19 მილიარდად იყიდა, მხოლოდ 50 ადამიანი იყო დასაქმებული“, – მიიჩნევს ჰინკლიფი.


თუმცა, პოპულარულმა მესენჯერმა ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ნამდვილი პანიკა მოაწყო.


როგორც მოსალოდნელია, სატელეკომუნიკაციო სფეროში შემოსავლების საერთო ვარდნა წლის ბოლომდე $386 მლრდ–ს მიაღწევს და ამ შემცირებას WhatsApp–ის ზარალიც შეავსებს.


და ეს მხოლოდ ერთ–ერთი სფეროა, რომელშიც საქმე არც ისე კარგად მიდის. შემოსავლების შემცირებას ისეთი მსხვილი ინტერნეტ–კომპანიებიც განიცდიან, როგორებიცაა Netflix, Uber, Airbnb, Facebook, Spotify და Amazon.


მიუხედავად ამისა, ჟურნალი Fortune მაინც სვამს კითხვას, ვინ იქნება „შემდეგი Apple“. გამოცემა 2015 წლიდან ცდილობს გამოიცნოს, კორპორაციებს შორის ვინ იქნება ლიდერი 20–იან წლებში.


ლიდერების შეცვლა


სიაში უკვე ცნობილი კომპანიებიც არიან: მაგალითად, Facebook, Alphabet და Amazon.


თუმცა, 2025 წლის პოტენციური ლიდერების სია მნიშვნელოვნად განსხვავდება 2018 წლის ჩამონათვალისგან. იქ აღარ გვხვდებიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა WalMart, Shell, Toyota და თვით General Motors.


განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა კომპანიებზეა მიპყრობილი: კერძოდ, საკვების მიტანის სერვისი GrubHub და კალიფორნიული სამედიცინო კორპორაცია Intuitive Surgical, რომელიც რობოტიზებულ ქირურგიას ნერგავს.


რობოტები, ხელოვნური ინტელექტი და სამედიცინო მომსახურება იმ სფეროებში შედიან, რომელთაც ახლო მომავალში ყველაზე მეტ ზრდას უწინასწარმეტყველებენ.


აქვეა გენეტიკა, კოსმოსური ტურიზმი და ენერგორესურსების მართვა.


„ციფრული ტექნოლოგიების ბუმს ყველა კომპანია შეიძლება შეეჩეხოს, თუმცა უფრო ხშირად დიდ რისკებს ის კომპანიები აწყდებიან, რომლებიც წარსულში საკმაოდ წარმატებლი იყვნენ“, – მიიჩნევს დიონ ჰინკლიფი.


„როგორც წესი, ისინი უფრო დარწმუნებული არიან, რომ მომავალშიც გადარჩებიან და რომ ისინი ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებდნენ. ასეთი თავდაჯერებულობა შესაძლოა მათ ცუდად დაუბრუნდეთ“, – აღნიშნავს ექსპერტი.


ასეთმა სიბეცემ კი შეიძლება აგონიაც გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბაზრის ლიდერები არიან. საკმარისია კომპანიების Blockbuster, Nokia ან Kodak გახსენებაც. ყველა მათგანი ბაზრის ლიდერი მანამდე იყო, ვიდრე ციფრულმა ტექნოლოგიებმა ისინი მეტესტალიდან არ მოხსნა.


მაგალითად, ვიდეოგაქირავების ქსელს Blockbuster აშშ–ში ოდესღაც 8 000 მაღაზია ჰქონდა. 2018 წელს კი შტატებში კომპანიის მხოლოდ ერთი მაღაზია ფუნქციონირებს.


„ბევრი კომპანიისთვის საფრთხეს ის წარმოქმნის, რომ ისინი მთლიანად მიმდინარე პროექტებზე არიან მაქსიმალურად ორიენტირებული – განსაკუთრებით, თუ ამით დიდ მოგებას იღებენ, – და საერთოდ არ დებენ ინვესტიციებს მომავლის შესაძლებლობებში“, – ამბობს პოლ ლეივანდი, კომპანიის PriceWaterhouseCoopers ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები