• Ƀ/$

ყალბი ამბები მეცნიერებასაც უტევს

13 ოქტომბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ყალბი ამბები მხოლოდ პოლიტიკოსების წინააღმდეგ არ იქმნება. ბოლო პერიოდში Fake News-ის დარტყმის ქვეშ მეცნიერებაც სულ უფრო ხშირად ექცევა. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც დაფიქრება და ფაქტების გადამოწმებაა. 

ჯერ კიდევ 4-5 საუკუნის წინ წვავდნენ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. ნიუტონამდე იმდროინდელ სკოლებში ასწავლიდნენ, რომ მძიმე სხეული უფრო სწრაფად ვარდება. XX საუკუნემდე დიდ აფეთქებაზე და სამყაროს გაფართოებაზე არავის დაუწერია. გამოდის, რომ ყალბი ინფორმაცია ადრე უფრო დიდი ინტენსიობით ვრცელდებოდა, მაგრამ აქ ერთ რამეშია განსხვავება. როდესაც სამყაროს სტატიკურობაზე წერდნენ, მაშინ ის სიმართლედ მიიჩნეოდა და მას მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ეთანხმებოდნენ, ახლა ყალბი ამბები მიზანმიმართულად ვრცელდება.


ყალბი სამეცნიერო ამბების გავრცელაბს შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. შეიძლება ის უბრალო ხუმრობაც იყოს, რომელიც თავდაპირველად ყალბი ამბების გვერდზე გავრცელდება, გვერდი, რომელსაც მითითებული აქვს, რომ გართობის მიზნით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, მაგრამ ამ მითითებას ყველა ვერ ნახულობს რის გამოც შესაძლოა გავრცელდეს აბსურდული ინფორმაცია ორკვირიანი მზის დაბნელების თაობაზე ან რაიმე მსგავსი. მისი გამოაშკარავება მარტივია. ნიუსის შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე მოსახლეობის დიდი ნაწილი წაკითხვისთანავე ხვდება რასთან აქვს საქმე. მისგან მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა.


სახუმარო ინფორმაციისგან განსხვავებით არსებობს ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებიც, რომლის უკანაც მოცლილი ახალგაზრდების მაგივრად ადამიანთა სერიოზული ჯგუფი დგას და სიყალბის სინამდვილედ გასაღებაში მილიონობით დოლარს ხარჯავს. რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს ამხელა თანხის დახარჯვა მეცნიერების დისკრედიტაციისთვის? პირადი სარგებლის გამო. დახარჯული თანხა მათთვის უბრალოდ ინვესტიციაა. შეტევის ობიექტი ყველაზე ხშირად გლობალური დათბობა ხდება. სხვადასხვა დაფინანსებული კვლევებით, სტატიებით, ე.წ. დოკუმენტური ფილმებით ხდება მცდელობა იმის წარმოჩინების, რომ გლობალური დათბობა მითია. მტკიცება გაყალბებულ ფაქტებზე ან არასწორ ლოგიკაზეა აგებული. ის რომ რომელიმე ზაფხული შესაძლოა წინაზე ნაკლებად ცხელი იყოს ბევრს არაფერს ცვლის. ამინდი ხშირად იცვლება, დაკვირვება კლიმატს სჭირდება. ბოლო ერთ საუკუნეში საშუალო ტემპერატურა 0.8  გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. მოწინააღმდეგებს არგუმენტი ამ შემთხვევისთვისაც გააჩნიათ, მათი მტკიცებით 0.8 გრადუსი არც ისე ბევრია და დედამიწაზე კლიმატი მისი შექმნის დღიდან მუდმივად იცვლებოდა. ყველაფერი სწორია, მაგრამ მაინც არასრული, რაც დასკვნას მთლიანად ცვლის. ის რაც მათ პასუხებს აკლია ვადებია. დედამიწაზე ჟანგადის კონცენტრაციაც იცლებოდა, საშუალო ტემპერატურაც და კონტინენტების რაოდენობაც, მაგრამ არა 100 ან 200 წელიწადში. ფაქტის - გლობალური დათბობის უარყოფის გარდა, ხშირია მისი გამართლებებიც, რომ გვერდითი აშკარა ნეგატიური მოვლენების მიუხედავად დღეს ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს და უფრო მდიდარია ვიდრე ადრე ოდესმე. ესეც ნაწილობრივ ასეა, მაგრამ არ ცვლის იმ ჭეშმარიტებას, რომ წიაღისეული საწვავის განახლებადით ჩანაცვლება ეკოლგიურ გარემოზე ზიანს ამცირებს.



ზოგიერთი მტკიცება სპეციალურად მეცნიერების დისკრედიტაციას, ადამიანური შესაძლებლობების დაკნინებას, ნიჰილისტური განწყობების ჩამოყალიბებას ემსახურება. პოლიტიკურად შეკვეთილი და კარგად დაფინანსებული ჭორების დავიწყებაც არ შეიძლება.


მთავრეზე ნეი არმსტრონგმა პირველად 49 წლის წინ დადგა ფეხი. მას შემდეგ აგორებული ჭორები, რომ ის მთვარე კი არა უდაბნო იყო დღემდე არ წყდება. ჭორებმა 1972 წლიდან, მისიის დასრულების შემდეგ იმატა. შეთქმულების მოყვარულები ამტკიცებენ, რომ ამერიკელები მთვარიდან უცხოპლანეტელებმა გამოყარეს. რეალურად აპოლოს პროგრამა კოლოსალური ხარჯების გამო შეწყდა. ბაზ ოლდრინმა აღიარა კიდეც, რომ მიზანი საბჭოთა კავშირის დაჯაბნა უფრო იყო ვიდრე მთვარის ქანების შესწავლა. 35 წელზე მეტი ვრცელდება ინფორმაცია რომ შიდსი ლაბორატორიაში შეიქმნა, ასევე პერიოდულად აქტუალური ხდება კიბოს წამლის არსებობის თემაც, რომელსაც თურმე სპეციალურად მალავენ. სულ ბოლო პერიოდში, მიმდინარე წელს მიზანში სამედიცინო აცრები იქნა ამოღებული. რეალურად აცრების შედეგად გაქრა: ყვავილი, პოლიომელიტი, დიფტერია... დაავადებები რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა.



ყალბ მეცნიერულ ამბებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება დაფიქრება და და ფაქტების გადამოწმებაა. ცერნის, ნასას და მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორებმა პლანეტარული მოწყობის შესახებ ნამდვილად უფრო მეტი იციან ვიდრე რომელიმე საეჭვო რეპუტაციის საიტზე განთავსებული სტატიის ავტორმა. ანტიმეცნიერული კამპანია პროგრესს ანელებს და შედეგი შეიზლება ბევრად უფრო ნეგატიური აღმოჩნდეს ვიდრე პოლიტიკური Fake News


მსგავს თემაზე:

ნორვეგია მომავლის ქალაქს აშენებს


ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?


ტექნოლოგიები რუტინულ სამუშაო ადგილებს ანადგურებს


აშშ სამეცნიერო კვლევებში გერმანიაზე 4.3-ჯერ და რუსეთზე 12-ჯერ მეტს ხარჯავს



სხვა სიახლეები