• Ƀ/$

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება

8 მაისი 18:31, 2019 წელი | ეკონომიკა

2020 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 6.4%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა ტურიზმის დეპარტამენტში 8 მაისს გაიმართა.  

პროექტის მიხედვით, 2020 წელს, დეპარტამენტი აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის, რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით  ჯამში 9 486 900 ლარს დახარჯავს.


2020 წელს, აჭარის 17 სამიზნე ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის რეკლამის  ბიუჯეტი 8.5%-ით გაიზრდება, რაც ჯამში 6 490 400 ლარს შეადგენს. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიების წარმოებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.


აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის 5.8%-ით მეტი,        1 886 800 ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტი გააგრძელებს პროექტებს „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“.  აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.


აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება-დივერსიფიკაციისთვის 14.8%-ით მეტი, 799 000 ლარი დაიხარჯება. მთიან აჭარაში გაგრძელდება  ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარება, ასევე ინფოტურები გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ისევ იგეგმება ზაფხულის ფესტივალები ბათუმსა და ქობულეთში, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალები, ასევე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია. 


2020 წელს, ასევე იგეგმება კვლევებისა და სტატისტიკის წარმოება დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 110 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.


მსგავს თემაზე:

ტურიზმის განვითარება აჭარის სოფლებშიც იგეგმება


აჭარის გიდებისთვის ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი დასრულდა


ტურისტების რაოდენობა აპრილში 4.2%-ით გაიზარდა


ბათუმის Babillon Tower აუქციონზე იყიდება



სხვა სიახლეები